“გორში მელიქიშვილის ჩიხში საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია” – ამის შესახებ ინფორმაციას ქეთი გოგიაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ავრცელებს.
გოგიაშვილის ინფორმაციით, საკანალიზაციო მილი უკვე ორი კვირაა შესაკეთებელია.
“ორ კვირაზე მეტია გორში, მელიქიშვილის ჩიხში დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა. 40 გრადუს სიცხეში რა მდგომარეობაა წარმოიდგინეთ. აქ არის საბავშვო სკვერიც და ბავშები იწამლებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მიაქციეთ ყურადღება დროულად. თქვენი პასუხისმგებლობაა. ხალხი არის ძალიან შეწუხებული და ელოდება რეაგირებას“, – ამბობს გოგიაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უკვე მიმართეს.
“აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია გორის მუნიციპალიტეტის მერია. უწყებამ პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე მიმართა პასუხისმგებელ ორგანიზაციას – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, – აცხადებენ მერიაში.