რატომ ვართ ღარიბები? – ამ კითხვით დაიწყო გორში მოსახლეობასთან შეხვედრა კოალიციის “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოალიციის ლიდერებთან ერთად მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება უმუშევრობის და მიგრაციის მიზეზებზე გაამახვილა.
“დავიბადეთ ქვეყანაში, რომელსაც არანაკლები მონაცემები აქვს, ვიდრე ნებისმიერ მდიდარ ევროპულ ქვეყანას, მაგრამ რატომღაც ვართ ღარიბები. რატომ ვართ ღარიბები? იმიტომ, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის პროდუქცია სწრაფად გავიტანოთ ევროპაში. საქართველოში ყოველ ოჯახს ჰყავს ერთი ოჯახის წევრი უცხოეთში. სკოლაში მასწავლებელი მშობელს რომ დაიბარებს, ამ ბავშვს ან ჰყავს დედ-მამა საქართველოში კრებაზე რომ მივიდეს, ან არ ჰყავს. ეს ამბავი გასაჩერებელია და ამას გააჩერებს სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ, რომელიც შეიქმნებოდა რომ ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ის ქარხნები, რომ ყოფილიყო, რომელსაც დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ“, – თქვა ანა დოლიძემ, პარტიის “ხალხისთვის” ლიდერმა.
კოალიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ განათლების მიმართულებითაც.
“ჩვენი ბედისწერა არ არის იმ პირობებში ცხოვრება, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, გორი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელზეც არავინ არ იცის, როგორი იქნება ხუთი წლის შემდეგ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი განვითარების გეგმა, სადაც წყალი წყდება, მაგრამ თუ მოდის, მოდის დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის მავნებელი. გორის გარშემო დასახლებები, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, არ უნდა იყოს ისეთი, სადაც ამბულატორია არ არის, სადაც ბიბლიოთეკა არ არის, საბავშვო ბაღი, ნორმალური მუნიციპალური ტრანსპორტი, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები გორის ნაგავსაყრელთანაც მივიდნენ და პრობლემას ადგილზე გაეცნენ. მათი თქმით, მდინარესთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს.
“გორი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც ნაგვის სუნი და ნაგვიდან წამოსული კვამლის სუნი მოწამლავს. ის უნდა იყოს ქალაქი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ძლიერად, ჯანმრთელად და იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ როგორმე მექსიკის გავლით შტატებში წავიდნენ, არამედ იმაზე ფიქრობენ, რომ ვინც წასულია, დაბრუნდეს აქ და გააგრძელოს ამ ქვეყნის სამსახურში ცხოვრება“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
კოალიციის წევრები პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება.