ბლოგები

რატომ უნდა წახვიდე არჩევნებზე?

ავტორი: მედეა პავლიაშვილი

წარმოიდგინე, რესტორანში შედიხარ და მიმტანი გეკთხება, თუ რისი შეკვეთა გინდა. შენ კი ეუბნები, რასაც ამ რესტორანში მყოფთა უმრავლესობა გადაწყვეტს, მეც იმას შევჭამო. 

ან ტაქსი გამოიძახე და მძღოლს ეუბნები, სადაც მას უნდა, იქ წაგიყვანოს. 

რა უცნაურია, ასე არავინ იქცევა, ხომ? 

მაშინ რატომ არ მონაწილეობს არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი?

თანაც არჩევნებზე უბრალოდ ერთი საღამოს ვახშმის ან დანიშნულების ადგილის შესახებ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანზე. 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების ძალა არის ხალხი, ანუ ჩვენ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უფლება ავირჩიოთ, თუ ვინ გვინდა მართოს ჩვენი ქვეყანა, ანუ, ვინ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. უფრო ზუსტად კი, სად ვისწავლით, ვიმუშავებთ, ვიმოგზაურებთ, რა გვექნება ვახშმად დღეს და რა მისამართზე ვთხოვთ ტაქსის მძღოლს წაყვანას.

ნებისმიერი რამ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ან უბრალოდ აუცილებელია, პოლიტიკის ნაწილია. პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტზე. 

პოლიტიკოსები კი ის ადამიანები არიან, ვისაც რეალურად ჩვენ ვირჩევთ და ჩვენვე ვუხდით ხელფასს იმისთვის, რომ როგორი ცხოვრებაც ჩვენ გვინდა, იმის შესაქმნელად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. 

კანდიდატი პოლიტიკოსები სხვადასხვანაირები არიან, სხვადასხვა იდეოლოგია აქვთ, სხვადასხვანაირად უყურებენ ქვეყნის განვითარების გეგმას, რაც ძალიან კარგია. ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია ავირჩიოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვეყნის მომავლის ჩვენს ხედვასთან ყველაზე ახლოსაა და არ ვენდოთ სხვას, რომ ისინი ჩვენს გარეშეც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

სწორედ ამისთვის გვაქვს არჩევნები წელს, 26 ოქტომბერს, სადაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი – როგორი ცხოვრება გვინდა. 

მნიშვნელობა არ აქვს ვახშამზე ავოკადოს ტოსტი გირჩევნია, მწვადი, თუ ჯერ ზუსტად არ იცი, რა გინდა, ეს გადაწყვეტილება შენი მისაღებია, და არა რესტორანში მყოფი ხალხის უმრავლესობის. 

ასევე, შენვე უნდა გადაწყვიტო შენი ქვეყნის და საკუთარი ცხოვრების ბედი.

ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მიხვიდე და შენი პოზიცია დააფიქსირო. შენს გარეშე ვერ გადავწყვეტთ, როგორი ცხოვრება გინდა შენ.

დატოვეთ კომენტარი