სტატიები

გორის მერი “ოცნების” დელეგატად – როგორ აფასებს მის კანდიდატურას ოპოზიცია?

ხელისუფლება ცდილობს, რომ საყვარელი სახეები ამომრჩეველს “სარფიანად მიყიდოს“, – ასე ეხმაურებიან გორში “ქართული ოცნების” მიერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დელეგაგად წარდგენას. როგორც ოპოზიცია ამბობს, გორის მერის კანდიდატურა ამ პოზიციაზე სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის წარმატებული სპორტული კარიერის და ადმინისტრაციულ რესურსზე დიდი გავლენის გამო შეირჩა.

პარტიის “ახალი” წევრი, მინდია გოდერძიშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია კვლავ ცდილობს საზოგადოებაში მაღალი რეიტინგის მქონე პირების გამოყენებას, რათა არჩევნებში ხმების მიღება შეძლოს. 

“არსებული ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას საკუთარ ჩამოქცეულ რეიტინგზე საზოგადოებაში. ამიტომ ცდილობს მიმართოს ყველა ხერხს თავის გადასარჩენად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი “ტრიუკია” დელეგატების წარდგენა. ლადო ხინჩეგაშვილის შემთხვევაში კვლავ გათვლაა მის მიმართ სპორტში მიღწეული წარმატებებით გამოწვეულ სიმპათიაზე, რომელი სიმპათიაც ერთგვარ მსხვერპლად იქცა “ქართული ოცნების” მიერ ჩადენილი უხეში და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე. ვთვლი, რომ ეს მახინჯი ტრადიციაა, რომელიც შემდეგმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს”, – ამბობს მინდია. 

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კომიკურს უწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

ქართული ოცნების” მიერ თვითნებურად შემოღებული ტერმინი დელეგატობა ცოტა კომიკურია, რადგან ასეთ რამეს საარჩევნო კოდექსი არ სცნობს“, – ამბობს ანო ბალიაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ვერც საარჩევნო სიებში წარმატებული ადამიანების ჩასმით შეძლებს.

“მაჟორიტარული სისტემა ხალხის ბრძოლის შედეგად გაუქმდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას დაირქმევს. რაც შეეხება ლადო ხინჩეგაშვილს, ის წარმატებული მხოლოდ სპორტშია, პოლიტიკაში ის ვერ შედგა და ამით სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილის პატივისცემაც დაკარგა. ასე, რომ 26 ოქტომბერს საქართველო აირჩევს დასავლურ გზას და უარს ეტყვის “რუსულ ოცნებას”, – ამბობს ბალიაშვილი. 

ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კვლავ აპირებს და სწორედ ამის ნიშანია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დელეგატობის კანდიდატად დასახლება.

“გორის მერის წარდგენა დელეგატად ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს საარჩევნოდ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.  გორის მერი არის ის, ვინც არაერთხელ გააკრიტიკეს ნეპოტიზმის, კორუმპირებული თანამშრომლების მფარველობისა და საარჩევნოდ გაცემული არაერთი დაპირების შეუსრულებლობის გამო”, – ამბობს პარტიის “ლელო” სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი გორში, მაკა კოჭლამაზაშვილი.

15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებას 22 დელეგატი წარუდგინა, რომლებიც, როგორც კობახიძემ განაცხადა, რეგიონებში “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. გორი-კასპის ოლქში დელეგატობის კანდიდატად, მან მოქმედი მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა. 

სადამდე შეეძლება ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გორის მერის თანამდებობაზე დარჩენა?

“მოზაიკა” დაინტერესდა, დელეგატობის კანდიდატს შეუძლია თუ არა დარჩეს ქალაქის მერად. როგორც იურისტები ამბობენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თანამდებობაზე დარჩენა პარლამენტის წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე შეუძლია.

“გორის მერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, ვალდებულია საარჩევნო კოდექსის თანახმად, არაუგვიანეს მეორე დღისა გადადგეს თანამდებობიდან. რეგისტრაციამდე არ აქვს ეს ვალდებულება”, – გვითხრა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა, თეა თედლიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დელეგატები არიან “ქართული ოცნების” პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და როგორც კობახიძემ განაცხადა, უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები იქნებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.