სტატიები

როგორ გავიგოთ, არის თუ არა უცხო პირი ჩვენს მისამართზე რეგისტრირებული?

ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ მისამართზე უცხო პირები იყვნენ რეგისტრირებულები. ასე მოხდა ეთერ ჯალაღანიას შემთხვევაშიც. 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ჩემი მისამართი გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მისამართზე სამი უცხო პირი ფიქსირდებოდა, რომლებსაც არც ვიცნობდი და არც არაფერი ვიცოდი მათ შესახებ“, – გვითხრა “ევროპული საქართველოს” გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ეთერ ჯალაღანიამ. 

ჯალაღანიას თქმით, საკუთარ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა ჩამონათვალს წინასაარჩევნოდ ყოველთვის ამოწმებს, რადგან ფიქრობს, რომ სხვადასხვა მისამართებზე უცხო პირების რეგისტრირება შესაძლოა არჩევნების გაყალბების მიზნით ხდებოდეს. 

როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს მისამართზე უცხო პირები იყვნენ რეგისტრირებულები, მივედი იუსტიციაში და ამოვწერე. მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს ამ მაქინაციების შესახებ, გადაამოწმონ საკუთარი მისამართი და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდინონ რეაგირება“, – ამბობს ეთერ ჯალაღანია.

იმის გადამოწმება არის თუ არა უცხო პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული, შესაძლებელია ცესკო-ს ვებ.გვერდზე: https://voters.cec.gov.ge/

  • შესაბამის გრაფაში უნდა ჩავწეროთ პირადი ნომერი და გვარი, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ამოგვიგდებს ინფორმაციას, თუ სად ვართ რეგისტრირებული, როგორც ამომრჩეველი. 
  • აქვე გამოჩნდება ღილაკი “ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია”.
  • ღილაკზე დაწკაპების შემდეგ კი, ჩამოიშლება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც თქვენს მისამართზეა რეგისტრირებული. სწორედ ამ ჩამონათვალში შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი პირები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამომრჩევლებს ურჩევს, რომ მათ მისამართზე უცხო პირების რეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

უცხო პირების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც შესაბამისი განაცხადები ივსება ადგილზე. საჭიროა ორი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პირები მოცემულ მისამართზე არ ცხოვრობენ მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში და უნდა მოხდეს ამ ადამიანების მისამართიდან ამოწერა“, – განმარტავს ლექსო მერებაშვილი.

იურისტის თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენა და შემდეგ რეგისტრაციის გაუქმება მარტივი პროცედურაა ქალაქის შემთხვევაში, თუმცა ისეთ დასახლებებში, სადაც ქუჩები დამისამართებული არაა,  იმის დადგენაც კი შეუძლებელია, ვის სახლში რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ამოწერის პროცედურა სოფლებში უფრო რთულადაა, რადგან არის სოფლები, რომლებიც დამისამართებული არ არის და სამწუხაროდ, მისამართებად უწერიათ ზოგადად სოფლის დასახელება და მანდ რთულდება ეს ამბავი, რადგან კონკრეტული მისამართები არ არის და შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს, ვის სახლში ვინ არის ჩაწერილი. ამ დროს ვერავის ვერ მივმართავთ, რომ ამოწერა მოხდეს“, – განმარტავს იურისტი. 

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შედიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა არჩევნების წინ გადაამოწმონ საკუთარი თავი და მონაცემებში აღმოჩენილი უზუსტობები რეაგირების გარეშე არ დატოვონ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.