ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი დაზიანდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, სკვერის მოაჯირიდან და სკამებიდან დეკორატიული ფილები ცვივა.
“ეს პროექტი რომ დასრულდა, მაშინვე ვიძახდი, რომ უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაო, თუმცა პროვოკატორი მეძახეს. გავიდა ერთი წელი და ყველაფერი ფუჭდება, დაბლა ფილებიც იყრება. ერთი ზამთარი ვერ გაძლო. მერია საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ორი კაცი არ ჰყავთ, რომ მივიდნენ და დაიზიანებული ადგილები შეაკეთონ“, – უთხრა “მოზაიკას” მეხრიშვილმა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია 2022 წელს ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 566 698 ლარი დაიხარჯა.
ფილების დაზიანების ფაქტზე, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებებს გამოასწორებენ.
“წელს ყიფიანის სკვერში რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. თუ რამე დაზიანებულია, აღდგება აუცილებლად“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა.