სტატიები

“უმუშევრობა და სიღარიბე რჩება მთავარ პრობლემად” – ენმ-ის თავმჯდომარე გორში მოქალაქეებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად გორში მოსახლეობას შეხვდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემებიც მოისმინეს. მოქალაქეთა უმრავლესობამ მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და სიღარიბე დაასახალა. 

ადგილობრივებისგან მოსმენილი პრობლემების საპასუხოდ კი, ენმ-ის თავმჯდომარემ ის პროექტები გაიხსენა, რომელთა განხორციელებაც გორში 2012 წლამდე იგეგმებოდა.

გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, ლაბორატორიებით აღჭურვა, რადგან განათლება არის მთავარი ფუნდამენტი საზოგადოებისთვის. ასევე იგეგმებოდა გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს და ქვეყანას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ენმ-ის თავმჯდომარესთან შესახვედრად, მოქალაქეები გორის სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ. მათგან ერთ-ერთი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალიაა.

მე საოკუპაციო ხაზიდან ჩამოვედი. მინდა, რომ თქვენც ჩამოხვიდეთ იქ და თქვენი თვალით ნახოთ, რამდენად ახლოს ვცხოვრობთ საოკუპაციო ხაზთან და რა მდგომარეობაა ჩვენს სოფელში“, – მიმართ სალიამ ბოკუჩავას. 

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები გაგრძელდება და ის მასიურ სახეს მიიღებს.  ბოკუჩავას განცხადებით, მათი საარჩევნო კამპანია საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციასაც მოიცავს. 

საქართველოს ასიათასობით მოქალაქე წასულია იძულებით ემიგრაციაში, იმ უმუშევრობის და სიღარიბის გამო, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა კორუმპირებულმა კლანურმა მმართველობამ მოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ახლა ხელისუფლებას სურს, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებაც კი ჩამოართვას და ამისთვის ქმნის ხელოვნურ ბარიერებს, რომ ემიგრანტებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ ყველა ინსტიტუციასთან, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ენმ-ის წარმომადგენლებმა დღეს შინდისის გმირების მემორიალიც მოინახულეს. იქამდე კი, მოსახლეობას კასპში შეხვდნენ, სადაც ცნობილი გახდა, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კასპის ყოფილი მერი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი მანუჩან მერებაშვილი შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.