რუსული კანონის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია წარმოუდგენელია, – კიდევ ერთხელ ითქვა შეხვედრაზე, რომელიც ამჯერად გორში გაიმართა და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხებოდა.
“ამ კანონის არსებობის პირობებში ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ვერ შესრულდება და კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება მთლიანად პროცესი. საქართელო ვერ აჩვენებს პროგრესს, თუ ეს კანონი დარჩება და ის იმოქმედებს. ამიტომ ჯერ ეს კანონია გასაუქმებელი. ამ კანონის პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი არის დაპაუზებული“, – აღნიშნა საიას ხელმძღვანელმა და შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნონა ქურდოვანიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხელისუფლება არ გამოხატავს ევროინტეგრაციის დაჩქარების სურვილს და პოლიტიკურ ნებას. მაგალითად, “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკტრედიტაციით, სისტემა კიდევ უფრო იზოლირებული და ჩაკეტილი ხდება, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“ევროკავშირის პირობების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები ინტეგრაციისკენ, მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა ხელისუფლებას ამის ინტერესი აქვს თუ არა ვერ გეტყვით. მათი ნაბიჯები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. დღეს სისტემა გახდა კიდევ უფრო ჩაკეტილი, ვიდრე ოდესმე იყო. ეს არის საკმაოდ რთული მდგომარეობა, რადგან არანაირი ნაბიჯი არ იდგმება ვითარების შესაცვლელად“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ შექმნილი მდგომარეობის და თანმდევი რისკების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ახლა, მოახლოებული არჩევნების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა აღნიშნა, აუცილებელია მოქალაქეებმა გაიაზრონ ის საფრთხეები, რასაც “რუსული კანონი” ქვეყანას მოუტანს.
“ევროკავშირმა ძალიან ნათლად უთხრა ხელისუფლებას, რომ ეს პირდაპირ მოდიოდა წინააღმდეგობაში იმ ცხრა პრიორიტეტიდან სულ მინიმუმ სამთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი წინ ვერ წავა. 9-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რაც ასევე შეუძლებელია ამ კანონის პირობებში“, – განმარტა თამა ხიდაშელმა.
შეხვედრაზე ყურადღება იმ ანტოევროპულ, ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციებზეც გაამახვილეს, რომლითაც ხელისუფლება “რუსული კანონის” მიღების გამართლებას ცდილობს. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია მოქალაეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გაჩენილ კითხვებზე სწორი, ობიექტური და ამომწურავი პასუხების გაცემა.