მამაკაცი, რომელიც ატენში მეზობლებმა სცემეს, გარდაიცვალა. დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
უწყების ცნობით, 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა.
“პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, მათ ბრალდება დაუზუსტდათ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარედგინათ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.