სტატიები

“ამომრჩევლის ხმა არის ფარული” –  საინფორმაციო შეხვედრა ამომრჩევლებთან

ყველა ამომრჩევლის ხმა არის ფარული, – ამით დაიწყო ამომრცევლებთან საუბარი “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა თეა თედლიაშვილმა, რომელიც პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში, “მოზაიკას” მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს უძღვება. 

წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვცელდება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ-ერთი სწორედ ამომრჩევლის ხმის ფარულობას ეხება. პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ვიღაც ამომრჩევლის ხმაზე ინფორმაციას იღებს, სამწუხაროდ ისევ მუშაობს. ყველა ამომრჩევლის ხმა არის ფარული, ეს უნდა იცოდეს ყველამ და იაზრებდეს. იმით მანიპულირება რომ ვიღაცა ვიღაცის ხმების შესახებ ინფორმაციას იღებს, არის უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განმარტავს თეა თედლიაშვილი.

იურისტმა შეხვედრაზე არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ამომრჩევლების მაქსიმალური აქტივობაა საჭირო. 

“სახლში დარჩენილი ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ ვტოვებთ საარჩევნო მანიპილაციისთვის ადგილს, რომ სხვადასხვა მეთოდებით ჩვენი ხმა ვინმეს სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული. პასიური ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, რომელიც რეალურად ქვეყნის განვითარებაში არ იღებს მონაწილეობას და შესაძლებელია მისმა ამ პასიურობამ მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ იქნება სასურველი”.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, საარჩევნო საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირება აუცილებელია, რადგან როგორც ისინი აღნიშნავენ, ამომრჩეველთა ნაწილს საკუთარი უფლებების და საარჩევნო პროცედურების შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს. 

მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეების ინფორმირება და იმ ცვლილებების გაცნობა, რაც თუნდაც ელექტრონულ სისტემას თან ახლავს. მათ უნდა იცოდნენ ამომრჩევლის უფლებები, რომ უფრო გაბედულად გააკეთონ საკუთარი არჩევანი. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველამ გაიაზროს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში. საჭიროა, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. არავინ არ უნდა დარჩეს სახლში, თუ გვინდა, რომ ხელისუფლებას გაყალბების ნაკლები შანსები დარჩეს“, – აღნიშნა ირინა მახარაძე.

პროექტი “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.