ჩვენი ქვეყნის ისტორია გორიდან უნდა ვთქვათ – გორში გაერთიანების “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისი გაიხსნა, სადაც ელენე ხოშტარიამ იმ ამომრჩეველს მიმართა, რომლებმაც აგვისტოს ომი საკუთარ თავზე გამოსცადეს და დღესაც ოკუპანტის პირისპირ უწევთ ცხოვრება.
ხოშტარიას თქმით, გორელი ხალხი გმირობის და ღირსეულად ცხოვრების საუკეთესო მაგალითია.
“მე მინდა მივესალმო ჩვენს გმირებს და ჩვენი გმირის ოჯახების წარმომადგენლებს, რომლებმაც ტელევიზორიდან კი არა, თავის მხრებზე იციან, რა არის გმირობა. ძალიან ცდილობენ, რომ თავს მოგვახვიონ, რომ ვართ გაჭირვებულები, დაპირისპირებულები, წაგებულები. სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ისტორია გორიდან უნდა ვთქვათ, გმირობის, წარმატების, ღირსების, სახელმწიფოს შენარჩუნების და წინ ყურების ისტორია. არ უნდა მივცეთ უფლება, რომ საპირისპიროში დაგვარწმუნონ“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კოალიციის ლიდერებმა მოსახლეობასთან 26 ოქტომბრის არჩევნებზე და პარტიის სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრეს.
“ყველა ქალაქს და სოფელს მოვივლით, მივალთ მოსახლეობასთან დაველაპარაკებით და ჩვენს სათქმელს ვეტყვით, თუ რა მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები. ახლა არჩევანს არ აკეთებენ პარტიებს, ან სახელებს და გვარებს შორის, ეს არის არჩევნები საქართველო-რუსეთს შორის. გვინდა წარმატებული დამოუკიდებელი ევროპული საქართველო, თუ გვინდა რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანა, რომელიც მუდმივად ღარიბდება, ადამიანები გარბიან და გაჭირვება იზრდება” , – აღნიშნა ოთარ სირაძემ, რომელიც შიდა ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.
სირაძის თქმით, მათ უკვე ჰყავთ მხარდამჭერები, რომლებთან ერთადაც პოლიტიკურ საქმიანობას რეგიონის მასშტაბით გეგმავენ.
“ჩვენი მიზანი არ არის მაღალი პარტიული პროცენტის ჩვენება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის გამარჯვება. ჯამური ოპოზიციური ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ხელისუფლების და გარდაუვალია გამარჯვება. ყველა სოფელში, ყველგან იგრძნობა განწყობა ცვლილებებისთვის. ის, რომ შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს ღიად ოფისში მოსვლა, ტელეკამერებთან დადგომა, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხარესაა. ესენი არიან ადამიანები, ვინც მივლენ არჩევნებზე და ხმას დააფიქსირებს ხელისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ოთარ სირაძემ.
დღეს გაერთიანებამ “კოალიცია ცვლილებებისთვის” შიდა ქართლში 4 ოფისი გახსნა. კოალიციის ლიდერების თქმით, მიმდინარე თვეს ქვეყნის მასშტაბით100 ოფისის გახსნა იგეგმება.