საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული დ.რ. ი.ბ. ჯგუფურად გაუსწორდნენ დაზარალებულს და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი ატენში ერთი კვირის წინ მოხდა. გამოძიებამ თავდაპირველად მომხდარზე ერთი პირი დააკავა.