ახალი ამბები

პარტიის “ახალი” შიდა ქართლის ორგანიზაციას  ოთარ სირაძე უხელმძღვანელებს

შიდა ქართლში პარტიის “ახალი” რეგიონალურ ორგანიზაციას ოთარ სირაძე უხელმძღვანელებს.

მოგეხსენებათ, რომ 26 ოქტომბერს გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ამიტომ ვისაც პოლიტიკური გამოცდილება მეტი გვქონდა, გადავნაწილდით რეგიონებში პარტიის გადაწყვეტილებით. მე შიდა ქართლის შტაბის ხელმძღვანელად დავინიშნე. შიდა ქართლი ძალიან მიყვარს და ზოგადად საქართველოს ყველა კუთხე, წარმოშობით რაჭველი ვარ“, – უთხრა “მოზაიკას” სირაძემ. 

ოთარ სირაძემ პოლიტიკური საქმიანობა 2001 წელს დაიწყო. მაშინ ის ქონების მართვის  მინისტრის თანაშემწე იყო. მოგვიანებით, ის მიხეილ სააკაშვილს გუნდს შეუერთდა. 

“2005-2008 წლებში ვიყავი რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის გუბერნატორი. 2008 წლიდან ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილედ ვიმუშავე. ასევე, 2012 წლამდე ვმუშაობდი ქვეყნის ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარედ”. 

როგორც სირაძე ამბობს, წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას არჩევნებისთვის მზადებას მოახმარს. 

“ეს გამოწვევა მივიღე და აქტიურად ჩავერთვე შიდა ქართლის შტაბების მუშაობაში, ფაქტიურად ნულიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება. აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. ჩვენი ამოცანაა არა მაღალი პროცენტის აღება, არამედ გამარჯვებაა. ხალხი ემზადება ცვლილებებისთვის და მზად არის,  მივიდეს არჩევნებზე და დაიცვას თითოული ხმა”. 

პარტია შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში რაიონული შტაბების გახსნას 9 აგვისტოს გეგმავს. 

დატოვეთ კომენტარი