ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომელსაც 5 000 მოქალაქე აწერს ხელს.
“ძალიან გართულებულია მდგომარეობა. ეს ხელმოწერები, რაც დღეს შევიტანეთ, მცირედია იმ ხალხთან შედარებით, ვინც რუსთაველზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითხოვს”, – გვითხრა განცხადების ერთ-ერთმა ავტორმა ირინე ფერაძემ.
მოქალაქეებმა განცხადება მერიაში დღეს შეიტანენ და უახლოეს დღეებში აპირებენ, რომ მას პეტიციის სახე მისცენ.
“განცხადება დღეს შევიტანეთ და უახლოეს დღეებში განცხადებას პეტიციის სახეს მივცემთ. ამ მდგომარეობით კმაყოფილი არავინ არ არის“, – აღნიშნა ფერაძემ.
რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა 2 წლის წინ გაცალმხრივდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოძრაობის განტვირთვის ნაცვლად, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა.
“რუსთაველის ქუჩა “სტაიანკად ” გადააქციეს. უყენიათ კერძო პირებს მანქანები სამსახურის წინ. ჩვენ რა დავაშავეთ, ფეხით მოსიარულეებმა“- ამბობს ქეთევან თხელიძე.
“როგორ შეიძლება რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის რუსთაველზე, საქმე რომ გქონდეს, ან ფეხით უნდა წახვიდე, ან ტაქსით“, – აღნიშნავს ეთერი დალალიშვილი.
“დავიტანჯეთ. ხაშურში წამოსვლა შემძულდა.10 წუთი რო საქმე გაქვს, 2 საათი უნდა იყო გზაში“, – წუხს ხათუნა მარგიევი.
2 წლის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობის გაცალმხირების გადაწყვეტილება მერიამ ავარიული სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით მიიღო.