სტატიები

“ევროპა, წინსვლა და განვითარება გვინდა” – აბიტურიენტები უმაღლესი ქულებით

რამდენიმე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს საგამოცდო ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს. ქვეყნის მასშტაბით სტუდენტობის მსურველი 47 000 -მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. 

“მოზაიკა” შეეცადა გაერკვია რა შედეგები და მოლოდინები აქვთ შიდა ქართლში მცხოვრებ აბიტურიენტებს, როგორია მათი გეგმები და უკავშირებენ თუ არა, საკუთარ მომავალს ევროპას. 

თამარ მირუაშვილი, ქვახვრელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 

“მინდა გავხდე კარგი ვეტერინარი”, – ეს თამარ მირუაშვილის სურვილია, რომელმაც ქვახვრელის საჯარო სკოლა დაამთავრა. 

თამარი ახლა ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ მისი შრომა გახდეს სტუდენტი, დაფასდება. “ევროპის უნივერსიტეტში ვაპირებ სწავლას”, – გვითხრა მან. 

თამარს მიაჩნია, რომ ევროპულ განათლებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა ევროპის უნივერსიტეტში სწავლა და იმ პროფესიის დაუფლება.  

“ვფიქრობ, რომ შევძლებ და ვიქნები ერთ – ერთი საუკეთესო ვეტერინარი საქართველოში. ძალიან მიყვარს ეს პროფესია და არ ვაპირებ გაჩერებას.  წინ დიდი მომავალი მელოდება, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მომავლისთვის და მიზნების ასრულებითვის”, – გვითხრა თამარმა. 

მიქაილ ბუზალაძე, ქარელის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 

ქარელის მე -2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მიქაილ ბუზალაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში 70 – დან 70 ქულა აიღო.

მიქაილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.

“ბავშვობიდან ახლოს ვიყავი ხელოვნებასთან და მინდა მაქსიმალურად გამოვავლინო ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები. საბოლოოდ, მუსიკას მინდა გავყვე, მაგრამ ვიცი რომ ეს ფაკულტეტი ხელს მაქსიმალურად შემიწყობს. ვუკრავ ფორტეპიანოზე, ელექტრო გიტარაზე. სწავლის გაგრძელებას ევროპულ უნივერსიტეტში ვაპირებ. თუმცა, საბოლოოდ მინდა საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა აქ გამოვიყენო”, – გვითხრა მან. 

ბარბარე ცხადაძე ,სურამის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული

ბარბარე სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო უთიერთობების მიმართულებით აპირებს. მან ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო. უნივერსისტეტის ძიებისას არჩევანი თავისუფალ უნივერსიტეტზე შეაჩერა, მომავალში კი სურს, რომ სწავლა გაცვლითი პროგრამით რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში გააგრძელოს.

“სწავლის გაგრძელებას ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ის, რომ სკოლის პერიოდში ჩართული ვიყავი ბევრ აქტივობასა და პროექტებში, სადაც მიღწეული წარმატებები უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ყველა წარმატებაში”, – ამბობს ბარბარე. 

ანანო ნადირაძე, გორის მე-7 სკოლის კურსდამთავრებული

“სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ველოდი მაღალი ქულების მიღებას, რადგან ამისთვის ძალა არ დამიშურებია”,- ამბობს ანანო ნადირაძე. 

მან გორის მე-7 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ მისთვის მთავარი ახლა საყვარელი პროფესიის შესწავლაა, რომელსაც მომავალში საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნის. 

“სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტში ვაპირებ, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. სამომავლოდ, საზღვარგარეთ წასვლა და იქაური განათლების მიღებაც მსურს, რადგან ვთვლი, რომ ევროპული განათლება არის, უმნიშვნელოვანესი გზა წარმატებისკენ”, – გვითხრა ანანომ. 

ელენე მიხაილიდი, ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე

“მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საკუთარი მომავლის შესაქმნელად ძალა არ დაიშურონ, რადგან შრომა აუცილებლად ფასდება”, – ამბობს ელენე მიხაილიდი, ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე.

ელენე სწავლის გაგრძელებას ბიზნესის მიმართულებით გეგმავს. თვლის რომ გამოცდებში მიღებული შედეგები დაუზოგავი შრომის დამსახურებაა.

“სკოლაში მიღებული ცოდნა უდავოდ დამეხმარა და გამიმარტივა აბიტურიენტობის პროცესი. ამასთანავე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მასწავლებელს, რომლის გარეშეც ამ შედეგის მიღწევას ვერ შევძლებდი. აბიტურიენტობისას მნიშვნელოვანია იმ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, რომელსაც მასწავლებელი გვირჩევს და იმ დავალებების შესრულება, რომლებსაც ყოველდღიურად გვავალებს, რადგან ეს ყველაფერი განაპირობებს კარგი თემის დაწერასა და უმაღლესი ქულის მიღებას”, – აბობს ელენე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.