ახალი ამბები

“თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია” – საინფორმაციო შეხვედრა შინდისში 

რა შეუძლია ერთ ხმას? – ეს ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელსაც შინდისში გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს მონაწილეები სვამდნენ. 

შეხვედრა პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში მოეწყო და მას ქალები ორი მეზობელი სოფლიდან, შინდისიდან და ფხვენისიდან ესწრებოდნენ. 

ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების ნაწილს არ აქვს გააზრებული, რომ მისი ერთი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყო. დღევანდელ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ისეთი ფაქტები, სადაც ჩანს, რომ არჩევნებში ყველას მონაწილეობა თანაბრად მნიშვნელოვანია“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი ომაძემ. 

შეხვედრას “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი უძღვებოდა. მან მონაწილეებს ის შემთხვევები გაახსენა, როცა კონკრეტულმა პირებმა თუ პარტიებმა არჩევნები სწორედ ერთი ხმით მოიგეს. 

შეხვედრები აჩვენებს, რომ ამომრჩევლების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია არა მხოლოდ საკუთარი უფლებების, არამედ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. 

ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ამ დრომდე არ იციან, რამდენ დეპუტატს ვირჩევთ და რამდენი წლით. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი აღარ აირჩევენ მაჟორიტარ-დეპუტატებს და რომ მოახლოებული არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება. ამ შეხვედრებით ვცდილობთ, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელებასაც შევუწყოთ ხელი“, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი, შეხვედრის ორგანიზატორი. 

შეგახსენებთ, რომ “მოზაიკამ” საინფორმაციო კამპანია პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში დაიწყო. პროექტის მიზანია, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება ელექტრონული კენჭისყრის და საარჩევნო უფლებების შესახებ. პროექტი ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.