ახალი ამბები

“სამწუხაროდ, მიწევს ამ სპექტაკლში მონაწილეობა” – იოსებ ბაბაევის საქმე გორის სასამართლოში

“სამწუხაროდ, მიწევს ამ სპექტაკლში მონაწილეობა”, – განაცხადა გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა და ბიზნესმენმა, იოსებ ბაბაევმა წინასასამართლო სხდომის დასრულებისას. 

დღეს, გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და იმსჯელა მათ დასაშვებად ცნობაზე. 

“პროკურატურა დგამს სამარცხვინო სპექტაკლს, მაგრამ გპირდებით, რომ საინტერესო წინაა. ძალიან ბევრი საინტერესო ამბის მოწმეები გავხდებით და ეს პროცესები დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით”, – განაცხადა ბაბაევმა. 

მისი უფლებადამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განმარტებით სასამართლომ ასევე იმსჯელა საქმის არსებითად გადაცემის გაგრძელებაზე და დაცვის მხარის შუამდგომლობა, შეწყდეს იოსებ ბაბაევის მიმართ სისხლის სამართლის დევნა, არ დააკმაყოფილა. 

“ორივე მხარეს ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობები. ძირითადი, შემხებლობის მქონე მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. სასამართლომ ასევე იმსჯელა, რამდენად არსებობდა საფუძველი საერთოდ ამ საქმის არსებითად გადასაცემად. ჩვენი პოზიცია იყო, რომ რა თქმა უნდა, შეწყვეტილიყო ეს საქმე, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ სასამართლომ არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, იოსებ ბაბაევმა ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება”, – განაცხადა მერებაშვილმა. 

გორელი სამოქალაქო აქტივისტის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 16 აგვისტოს ჩაინიშნა. 

ამავე თემაზე: გორის რაიონულმა სასამართლომ იოსებ ბაბაევს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

“იარაღი მანქანაში ჩაუდეს” – დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.