ატენში 40 წლამდე მამაკაცის ცემისთვის სამართალდამცავია დაკავებული. ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს”.
განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს, დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
“მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც სოფელში ამბობენ, დაზარალებულს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს.