სტატიები

73 000 ლარი საგზაო ნიშნებისთვის და ხარვეზები დოკუმენტაციაში – რატომ უჩივიან გორის მერიას?

გორის მერიას უჩივის კომპანია, რომელიც საგზაო ნიშნების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა. მერია გეგმავს შეიძინოს 53 დასახელების საგზაო ნიშანი, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 93 675 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერში გამარჯვებულად შპს “არ სი ქონსთრაქშენ” გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნული მომსახურების მიწოდება 72 728 ლარად იკისრა, თუმცა ტენდერში მონაწილე კიდევ ერთი კომპანია მიიჩნევს, რომ გორის მერიის სატენდერო კომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მერიას დავების საბჭოში უჩივლა. 

შპს “როუდ სეიფთი სისტემს” ითხოვს სატენდერო კომისიის გაწყვეტილების გაუქმებას, რის საფუძველზეც აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად  შპს “არ სი ქონსთრაქშენი” გამოცხადდა. 

საჩივარში ნათქვამია, რომ გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ დოკუმენტაცია ხარვეზებითა და არასრულად ატვირთა, გორის მერიის სატენდერო კომისიამ კი ეს დარღვევად არ მიიჩნია.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 19 ივლისის ოქმი N6-ით დგინდება რომ შპს “არ სი ქონსთრაქშენის” წერილში ჩამოთვლილი ნიმუშების სიაში იყო ხარვეზი, რაც სატენდერო კომისიამ არ დააფიქსირა 2024 წლის 24 ივნისის ოქმი N5-ში.  შპს “არ სი ქონსთრაქშენი”-ს  წერილით წარდგენილია მხოლოდ 2 სახეობის საგზაო ნიშანი, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და ტექნიკურ ხარვეზად არ შეიძლება ჩაითვალოს 51 პოზიციის დაკლება. სატენდერო კომისიას უნდა განეხილა წერილით წარმოდგენილი ნიმუშები”, – ნათქვამია საჩივარში. 

მომჩივანი კომპანია ამბობს, რომ მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერების ჩატარების  წესის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის დაარღვია და ითხოვს, მოხდეს შპს “არ სი ქონსთრაქშენის” დისკვალიფიკაცია.

საჩივარი ამჟამად განხილვის პროცესშია. დავების საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ გაუსაჯაროებია. 

რა ვიცით შპს  “არ სი ქონსთრაქშენის” შესახებ?

  “არ სი ქონსთრაქშენი” 2015 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 81 ტენდერში, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 33 476 221 ლარს შეადგენს.  

კომპანიას 4 მეწილე ჰყავს. ერთ-ერთ მეწილეს, ნინო ყოლბაიას უფიქსირდება შეწირულობა “ქართული ოცნებისთვის”, 30 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა მან მმართველ პარტიას გასულ წელს შესწირა. პარტიული შემოწირულობის გაღება უფიქსირდება კომპანიის კიდევ ერთ მეწილეს, გიორგი ღოღობერიძეს, რომელსაც 2012 წელს პარტიისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 60 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს კი, 1 500 ლარი. 

რა ვიცით შპს “როუდ სეიფთი სისტემსის” შესახებ 

შპს “როუდ სეიფსი სისტემს” – ორი მეწილე ჰყავს. კომპანიაში 50 -50 % -ს მამია ნებულიშვილი და ლევან ბოლქვაძე ინაწილებენ.

აღნიშნული კომპანია 2021 წლის მაისში დაფუძნდა და მას შემდეგ მონაწილეობა მიღებული აქვს 37 ტენდერში, საიდანაც 13 ტენდერი მოიგო, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ კი 493 456 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მეწილეების მიერ გაღებულ პარტიულ შემოწირულობებს, არც ერთ მათგანს ამ დრომდე რომელიმე პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.