ქარელის მერია ახალ შტატს ამატებს. მერიის მიმართვის და საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, ახალი თანამშრომელი შესყიდვების განყოფილებას დაემატება და მისი ხელფასი 1 210 ლარი იქნება.
“შტატის დამატება განყოფილებაში არსებული ბევრი საქმის გამო გადაწყდა“, – განმარტავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ალეკო ღამბარაშვილი.
აქამდე, ქარელის მერიის შესყიდვების განყოფილებას 4 თანამშრომელი ჰყავდა – უფროსი და 3 უფროსი სპეციალისტი.
“ერთი ქალბატონი ამ ეტაპზე დეკრეტულ შვებულებაშია, მეორე კი თვის ბოლოს გადის, თუმცა ესეც რომ არ იყოს, შტატის დამატება საქმიდან გამომდინარე აუცილებელია“, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს თანხმობით, განყოფილებას მეოთხე უფროსი სპეციალისტი დაემატება და საბოლოოდ, განყოფილების საშტატო ნუსხა ასე გამოიყურება:
თანამდებობა | რაოდენობა | ანაზღაურება |
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი | 1 | 1 694 |
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 1 | 1 331 |
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 3 | 1 210 |