ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლების ამბავი 2 წელია ვერ გადაწყდა. მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ამჯერადაც სხვა სკოლებში მოუწევთ.
ეს მესამე წელი იქნება, როცა ვაყელ მოსწავლეები სასკოლო განათლების მიღებას გომის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში, მოხისელი ბავშვები კი – ფცის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ.
ვითარებით უკმაყოფილოები არიან მშობლები და სკოლების საკითხის დროულად გადაწყვეტას ითხოვენ.
“გვატყუებენ, რომ დღეს-ხვალ დაიწყებენ, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა. 2 სასწავლო წელი დასრულდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ“, – წუხს ერთ-ერთი მშობელი, ელენე ინასარიძე.
“გვინდა რომ დროულად დაიწყოს სკოლის რეაბილიტაცია და ყინვაში და სიცივეში არ უწევდეთ ბავშვებს მეზობელ სოფელში სიარული“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი მეგი ღვინჯილია.
მშობლების უკმაყოფილების პასუხად, რაიმე კონკრეტულის თქმა უჭირთ საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს. არც ერთ მათგანს კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეუძლია.
ვაყის საჯარო სკოლაზე საუბრისას, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ ჯერ ისიც არ გადაწყვეტილა ახალი სკოლა უნდა აშენდეს და არსებულს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია.
“ვინაიდან ვაყის სკოლა ავარიულია, მოხდა მოსწავლეების სასწრაფო წესით გომის სკოლაში გადაყვანა. სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებთი საქმის კურსშია როგორც გუბერნია, ასევე სამინისტრო. ველოდებით მათგან პასუხს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მსჯელობა მიმდინარეობს სკოლა მთლიანად დაინგრეს და ახალი აშენდეს, თუ არსებულის რეაბილიტაცია მოხდეს“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ.
რაც შეეხება მოხისის სკოლას, რესურსცენტრის უფროსის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში არკვევს.
“მოხისის სკოლასთან დაკავშირებით წერილი მივწერე ინფრასტუქტურის სამინისტროს, სადაც ვითხოვ სკოლის დროული რეაბილიტაციის დაწყებას. დავინიშნე თუ არა, მოვიკითხე მოხისის სკოლის საკითხი. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომლის მიხედვითც სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. ველოდები ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან პასუხს, რის გამო ვერ ხერხდება მოხისის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების დაწყება“, – გვითხრა მარიკა საზანდრიშვილმა ქარელის რესურცენტრის უფროსმა.
ვაყის და მოხისის საჯარო სკოლებს ჯამში 400-მდე მოსწავლე ჰყავს.