გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მსუბუქი ავტომობილის შეძენას აპირებს, რისთვისაც 50 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, სააგენტოს ბალანსზე 4 ავტომობილი ირიცხება, საიდანაც ერთი – ხელმძღვანელის სარგებლობაშია.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ავტომობილი მოემსახურება სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომლებს.
“ავტოსატრანსპორტო საშუალება მოემსახურება კვების და ჰიგიენის სპეციალისტებს, მეთოდისტებს, ფსიქოლოგებს, მატერიალურ – ტექნიკური სამსახურის და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს. სააგენტოს აღნიშნული სამსახურების თანამშრომლებს მათივე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღიურად უწევთ მუნიციპალიტეტის სხვადაასხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში (სოფელში, ქალაქში) ვიზიტი”, – გვითხრეს მერიაში.
ახალი ავტომობილის შესაძენად, სააგენტომ ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო ტენდერი შეწყდა.
“ელექტრონული ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესასყიდი ობიექტის ტექნიკური პარამეტრების განხილვის დროს გამოირკვა, რომ ტენდერის გამოცხადების ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციის 1.1. პუნქტში (შესყიდვის ობიექტის დასახელება) მითითებულია „მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი“, სინამდვილეში შესყიდვის ობიექტი უნდა ყოფილიყო „მსუბუქი მინივენის ტიპის ავტომობილი“, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის დანართ N1-ში. ასევე ტექნიკური ხასიათის შეცდომებია გაპარული შესასყიდი საქონლის მახასიათებლებში”, – ნათქვამია ტენდერის შეწყვეტის ოქმში.
ახალი ტენდერი გამოსაცხადებლად, სატენდერო კომისიამ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს შესასყიდი საქონლის პარამეტრები და ხარვეზების გარეშე გამოაცხადოს.