ზაალ დუგლაძის დაპირება ხაშურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეყვანის შესახებ, ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ეს დაპირება ხაშურელებს 2022 წელს, საკუთარი სადეპუტატო საქმიანობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას მისცა.
“ჩვენ გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში იაროს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ეს ავტობუსები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ შევეცდებით, რომ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, შემოვიყვანოთ ეს ტრანსპორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში“, -განაცხადა ზაალ დუგლაძემ.
ამ განცხადების გაკეთებიდან 2 წლის შემდეგ, ხაშურელები კვლავ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში არიან. მაჟორიტარის ბიუროში კი აცხადებენ, რომ დაპირება ძალაშია, უბრალოდ მისი შესრულების ვადები კვლავ უცნობია.
“ხაშურს ეყოლება ახალი საზოგადოებრივი ავტობუსები. ამ საკითხზე დეპუტატს საუბრები ქონდა შესაბამის სამსახურებთან. როგორც მოგეხსენებათ, ავტობუსების გადაცემა ეტაპობრივად ხდება მუნიცპალიტეტებზე. შემდეგ ეტაპზე ხაშურს გადაეცემა, თუმცა ზუსტი დრო ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია“, – გვითხრა ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე დუგლაძემ.
ზაალ დუგლაძე 4 წელია, ქარელი-ხაშურის წარმომადგენელია საქართველოს პარლამენტში. ის ერთ-ერთია, ვინც “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირა.