“ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტებს გორი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა – მომხდარის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
როგორც დაზარალებული ჟურნალისტი “მოზაიკას” უყვება, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში რამდენიმე მძღოლი მას და მის ოპერატორს თავს დაესხა. ამის მიზეზი კი ის მასალა გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა, შოთა სადაღაშვილმა და ბექა პირველმა მიკროავტობუსებში არსებულ მდგომარეობაზე მოამზადეს.
“თბილისიდან გორში ვბრუნდებოდით მე და ჩემი ოპერატორი, რა დროსაც ერთ-ერთი მძღოლი მოვიდა ჩვენთან და დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, რომ მე არაკაცი ვარ და როდესაც ჟურნალისტიკიდან წავალ კარგი არაფერი დამემართება. რამდენიმე დღის წინ, გავაკეთე სიუჟეტი, სადაც ვსაუბრობ, რომ სამარშუტო ტაქსებში არ არის კონდენცირება და მგზავრებს დამატებითი სკამებით უწევთ მგზავრობა. მიცნო მძღოლმა და აგრესიაც ამის შემდეგ დაიწყო. ყელში წამიჭირა და ფიზიკურად გაგვისწორდა მე და ჩემს ოპერატორს. ჩემი ოპერატორი საავადმყოფოშია, რადგან თავის არეში აღენიშნება დაზიანებები”, – გვითხრა სადაღაშვილმა.
მან მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა და დავის დაწყებას სასამართლოშიც აპირებს.
“მე ახლა მოვდივარ პოლიციიდან ჩვენება მივეცი და აუცილებლად დავიწყებ დავას სასამართლოში. მეც და ჩემი ოპერატორიც გავივლით ექსპერტიზას და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. დაუსჯელს არავის დავტოვებ. ჩვენი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ცენტრს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივანდობ”.
ბექა პირველს დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.