დაბა აგარის და ქარელის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს.
სამუშაოები პროექტის “ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში ხორციელდება და ჯამში, ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
პროექტების მიხედვით, ორივე სკოლის რეაბილიტაცია 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი “ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ 2020 წელს დაიწყო.
პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი გულისხმობს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს. ამ საქმიანობების განსახორციელებლად საქართველოსთვის “მსოფლიო ბანკმა” 102.7 მილიონი დოლარი გამოყო.