ახალი ამბები

ციფრული უსაფრთხოება და აქტიური მოქალაქეობა – საინფორმაციო შეხვედრა გოგონებთან

ციფრული უსაფრთხოება და აქტიური მოქალაქეობა – ამ საკითხებზე გორში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრები გორში პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში ეწყობა. პროექტს “მოზაიკა” ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით ახორციელებს. ამჯერად, შეხვედრა გორის ახალგაზრდულ ცენტრთან პარტნიორობით მოეწყო.

ახალგაზრდებს გავაცანით ის აუცილებელი ზომები, რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში უნდა იცოდეს თითოეულმა ადამანმა, მე ვიტყოდი, ბავშვობის ასაკიდან, რადგან შესაძლებლობებთან ერთად ,ტექნოლოგიები უამრავ საფრთხეს ქმნის ჩვენს გარშემო. შეიძლება არც ვფიქრობდეთ ისეთი სახის რისკი იყოს და ამაზე მაშინ დავფიქრდეთ, როდესაც დავინახავთ უარყოფით შედეგს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ციფრული ჰიგიენა. მივაქციოთ ყურადღება კომუნიკაციის პლატფორმებს, პაროლების სირთულეს, ასევე გვქონდეს დაცული პირადი ინფორმაცია და არ გავცეთ ის, ყველაფერზე არ ვისაუბროთ სოციალურ ქსელებში. არსებობს სხვადასხვა საშუალება, რაც გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აპლიკაციები“, – გვითხრა “მეტალაბის” დამფუძნებელმა ნინო ჩიბჩიურმა.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ კიბერუსაფრთოების მნიშვნელობასა და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობებზე საუბარი განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებთანაა აუცილებელია.

ამ ეპოქაში ინტერნეტის და სოციალური ქსელების მოხმარება, განსაკუთრებით ხშირია არასრულწლოვნების მიერ. სამწუხაროდ, ინტერნეტის საშუალებით გახშირებულია პედოფილიის ფაქტები და მათი მხრიდან არასრულწლოვნების შევიწროვება. მეც მქონია შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანებს მოუწერიათ ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარი მიზეზების გამო, თუმცა საბედნიეროდ მივხვდი, რომ ეს არ იყო კარგი განზრახვით. დღევანდელმა შეხვედრამ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვა თავი და როგორი უნდა იყოს კიბერჰიგიენა“, – ამბობს იზა ტერტერაშვილი.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი აქტიური მოქალაქის როლზე საუბარს დაეთმო, სადაც “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” გორის ფილიალის ხელმძღვანელმა დაკო მურადაშვილმა ახალგაზრდებს ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც მათ ადგილობრივი თვითმმართელობა სთავაზობს.

მქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდებთან გამეზიარებინა აქტიური მოქალაქის მოვალეობის შესახებ ინფორმაცია და მათთვის გამეცნო ის შესაძლებლობები, რაც არსებობს, რომ იყვნენ აქტიური და პროცესებში ჩართული მოქალაქეები, როგორ გაიზიარონ პასუხისმგებლობა და საკუთარი საზოგადოების კეთილდღეობისთვის განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, რაც დაეხმარებათ იმაში, რომ გამოიყენონ ის რესურსები, რასაც მათ სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართელობა“, – აღნიშნა დაკო მურადაშვილმა.

მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მიღებული ინფორმაცია საკუთარ თემში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარებათ.

საინტერესო სიახლეების შესახებ მივიღე ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ვიყო უკეთესი მოქალაქე. ბევრი საიტის შესახებ არ ვიცოდი, რითიც შემიძლია ადგილობრივ ხელისუფლებას ვეკონტაქტო. დავფიქრდი პრობლემებზე, რაც ჩემს თემში არის და რომ ვუკვირდები არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარების. მე ყველანაირად ვეცდები ეს პრობლემები დავაყენო ადგილობრივ დონეზე“, – გვითხრა მართა ჩიტიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ, სადაც დატანილია ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონი ქალებს და გოგონებს უქმნით.

აქტივობები პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში, “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები