სტატიები

გორელები მატჩების ტრანსლირებას ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც ითხოვენ

“საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატში და ჩვენი ქალაქიც ღირსეულად უნდა ქომაგობდეს”,  – ამბობენ გორელები და მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრების ჩვენება მხოლოდ ერთ თავშეყრის ადგილას არ უნდა ხდებოდეს. მოქალაქეების ნაწილის სურვილია, რომ მატჩების ტრანსლირება თეატრის სკვერის გარდა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც მოხდეს.

“ჩვენმა ქალაქმა ღირსეულად უნდა უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს ევროპაზე”.

ერთ-ერთი ვინც, ქალაქში საქართველოს ნაკრების შეხვედრების ტრანსლაციის ჩვენებისთვის დამატებითი სივრცის მოწყობას ითხოვს, ლექსო ვალიაურია.  ის ფიქრობს, რომ მერიამ უნდა უზრუნველყოს თამაშების ჩვენება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ მონიტორზეც. 

“მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე იმდენად მნიშვნელოვანი და საერთო პროცესია, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა უფრო მეტი მოქალაქე ერთად შეიკრიბოს და ერთად უგულშემატკივროს ეროვნულ ნაკრებს. ყოველთვის როცა, რაღაც განსაკუთრებული ხდება, ვხედავთ, რომ მხოლოდ თეატრის სკვერში არსებულ მონიტორზე ხდება გაშუქება. მერიამ უნდა უზრუნველყოს და მომდევნო მატჩების დროს ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მონიტორებზეც გაუშვას თამაშის ტრანსლაცია”, – ამბობს ლექსო ვალიაური. 

“22 ივნისს მთელი საქართველოს კვლავ გაერთიანებაა საჭირო ისე, როგორც 26 მარტს ბერძნებთან შევძელით.”

საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, დამატებითი სივრცის შექმნას ემხრობა პაატა მაჩიტაძეც. მისი აზრით, ეს გორელებში ქომაგობის მუხტს კიდევ უფრო გაზრდის.

“მატჩის მნიშვნელობას თუ გავუსვამთ ხაზს, ჩეხებთან შეხვედრაში გაცილებით მეტი იდება სასწორზე, ვიდრე ეს თურქეთის წინააღმდეგ იყო. წმინდა სატურნირო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, იქ მარცხის უფლება გვქონდა, აქ აღარ გვაქვს. ქალაქის ცენტრალური მოედნის დროებით გადაკეტვა და დიდი ეკრანის გამოყენება მშვენიერი იდეაა, რადგან ამით მოსახლეობის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება და უმაგრესი საფეხბურთო გარემო შეიქმნება ჩვენს პატარა ქალაქში”, – ამბობს პაატა. 

“ყველა შესაძლებლობა რომ გავერთიანდეთ, უნდა იყოს გამოყენებული”. 

მოქალაქეები გორის მერიას მოუწოდებენ, საქართველოს ნაკრების თამაშის ჩვენების დროს გადაიკეტოს ცენტრალური მოედანი, რათა გულშემატკივრების ნაწილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მონიტორზე მატჩს უყუროს. 

“ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მთელი ქვეყანა უნდა ვიყოთ ჩართული. ამიტომ ყველა შესაძლებლობა რომ გავერთიანდეთ, უნდა იყოს გამოყენებული.  კარგი იქნება, თუ გორის მერია ხელს შეუწყობს ამ პროცესს, გადაკეტავს თამაშების წინ ცენტრალურ მოედანს და მოქალაქეებს მისცემს საშუალებას ერთად უგულშემატკივრონ საყვარელ ნაკრებს”, – ამბობს შოთა ხარიბეგაშვილი. 

“მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ჩვენი ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებას.”

მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი მხოლოდ სპორტული წარმატება არაა, რადგან ევროპის ჩემპიონტზე გასვლამ უკვე შეძლო მთავარი – ერი გააერთიანა.

“უსაზღვროდ მიხარია, როდესაც ვხედავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს სტადიონებზე, სკვერებში, კლუბებში, ბარებში და ასე შემდეგ. გორი ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტის და კერძოდ ფეხბურთის დიდი სიყვარულით, თუნდაც “დილას” თამაშებზე გადავსებული სტადიონი და გულმხურვალე ქომაგები ამის ნათელი დადასტურებაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გასცდა სპორტს და გადაიქცა ერის ერთიანობის სიმბოლოდ. ამიტომ, იქნება საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ეროვნული ნაკრების ქომაგი”, – ამბობს ედი გუდიაშვილი. 

ინფორმაციისთვის, გორის ცენტრში ამჟამად, ორი დიდი მონიტორია დამონტაჟებული, რომლის შესაძენად ქალაქის მერიამ 2019 წელს 148 000 ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი