ახალი ამბები

“რიხი” საოკუპაციო ხაზთან აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტებს მართავს 

გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ქართლური სიმრერების კონცერტებს მართავს. 

გეგმის ფარგლებში, გუნდმა ღონისძიება უკვე გამართა სოფელ ნიქოზში. “რიხმა” ადგილობრივებს კონცერტთან ერთად, ქართლური სიმღერის მასტერკლასიც შესთავაზეს, სადაც მოსახლეობას მათივე აღდგენილ საფერხულო სიმღერა შეასწავლეს.

პროექტის მიზანი დავიწყებული ქართული ხალხური სიმღერების გაცოცხლებაა. ეს გულისხმობს შეგროვებული ნიმუშების აღდგენას, ანსამბლის რეპერტუარში ჩართვას და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას. მასტერკლასები და ცეკვა სოფლის მოსახლეობასთან ერთად მიზნად ისახავს უფრო აქტიური და მიმზიდველი კულტურული გამოცდილების შექმნას“, – ამბობს პროექტის ორგანიზატორი ტატო წიქარიძე.

ანსამბლი კონცერტებს ღია ცის ქვეშ მართავს. ნიქოზის მსგავსად, ღონისძიებები კიდევ 4 სოფელში, მერეთში, მეჯვრისხევში, ერგნეთსა და შინდისში მოეწყობა. 

“საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ქართული კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილი ხალხური სიმღერები დავიწყებას ეძლევა. ეს სოფლები განიცდიან კულტურული ღონისძიებების სიმცირეს, რაც იწვევს პოტენციურ გათიშვას საკუთარ მხატვრულ მემკვიდრეობასთან და ზოგადად კულტურული სტიმულირების ნაკლებობას. ანსამბლ “რიხის” ეს პროექტი მიზნად ისახავს ამ საკითხების მოგვარებას ხალხური მუსიკის უშუალოდ დაბრუნებით იმ სოფლებში, სადაც ის წარმოიშვა”.

დატოვეთ კომენტარი