Რეგიონული ნაგავსაყრელი, რომლის აშენებაც გორშია დაგეგმილი, შიდა ქართლის რეგიონთან ერთად, მცხეთა-მთიანეთსაც უნდა მოემსახუროს, ჯამში 8 მუნიციპალიტეტს.
გეგმის მიხედვით, გადამტვირთავი სადგურები სტეფაწმინდაში, დუშეთში, კასპსა და ხაშურში მოეწყობა, იქიდან კი დანრჩენები საბოლოოდ, გორის ნაგავსაყრელზე განთავსდება.
“ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი დაპროექტდება და აშენდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით. Ასეთი ობიექტი უზრუნველყოფს ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით”, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის სააგენტომ გაავრცელა.
| სად შენდება ნაგავსაყრელი?
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 299 976 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს გორში, კვერნაქის დასახლებაში, ამჟამინდელი ნაგავსაყრელის მიმდებარედ ფლობს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული უძრავი ქონება ახალი ნაგავსაყრელის ასაშნებელად გადაეცა.
“გორის მუნიციპალიტეტში, არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარედ, განიხილება ახალი არასახიფათო მყარი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რის საფუძველზეც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით 66.45.10.611 და 66.45.22.284”, – აღნიშნავს კომპანია.
აღსანიშნავია, რომ გორის ნაგავსაყრელიც 2013 წლიდან აღნიშნული კომპანიის დაქვემდებარებაშია.
“მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 66.45.10.095, შპს „საქართველოს მყარის ნარჩენების მართვის კომპანია“ მართავს გორის არსებულ ნაგავსაყრელს, რომელიც კომპანიას მართვაში გადმოეცა 2013 წელს.”
| “გორის არსებული ნაგავსაყრელიც დასახური და გადასატანია, იმავე ადგილას 7-ჯერ დიდის აშენებაზე საუბარიც კი უნდა დასრულდეს!”
გორელები ქალაქში, დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ნაგავსაყრელის აშენებას ეწინააღმდეგებიან.
Მოქალაქეები კვერნაქის დასახლებაში უკვე არსებული ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას ითხოვენ და ასევე, მოითხოვენ, რომ რეგიონული ნაგავსაყრელის ადგილი მათი ინტერესების და უფლებების გათვალისწინებით შეირჩეს.
“წლებია, მოსახლეობა ითხოვს არსებული ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას და გადატანას სხვა ტერიტორიაზე. ვხედავთ ბოლო ერთი თვეა, რა სუნი დგას ქალაქში, ამას არსებული ნაგავსაყრელი იწვევს. ახლა გადაწყვიტეს უფრო დიდი ნაგავსაყრელი გააკეთონ, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოტანილ ნაგავს დაყრიან. ამას ვეწინააღმდეგებით და ვითხოვთ, რომ არსებულის ლიკვიდაცია მოახდინონ და ახალი, რაც იგეგმება, მისი მშენებლობა შეჩერდეს და სხვა ადგილი მოძებნონ, ისეთი ადგილი სადაც მოსახლეობა არ შეწუხდება”, – განაცხადა ლექსო მერებაშვილმა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა.
ლექსო მერებაშვილთან ერთად, საკუთარ პროტესტს გამოხატავენ სხვა მოქალაქეებიც.
“გარეთ ვერ გამოვდივართ, საწამლავია, კანალიზაციის და ლეშის სუნი დგას, ვიწამლებით. სარეცხს რომ ვფენთ, ყროლდება და ხელახლა გასარეცხი ხდება. აქ იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება, ჩვენ უარი განვაცხადეთ და წავიდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ განზრახვაზე უარი არ უთქვამთ”, – ამბობენ ადგილობრივები.
მათი თქმით, რეგიონული ნაგავსაყრელის აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენება ქალაქში ცხოვრებას შეუძლებელს გახდის.
|” ეს არ არის პრობლემა მხოლოდ კვერნაკის თემისთის” – მოქალაქეებმა გორში აქცია გამართეს
“ეს არ არის პრობლემა მხოლოდ კვერნაკის თემისთის, ეს პრობლემაა ქალაქისთვის. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ნაგავსაყრელი აქ არ აშენდეს. ზოგადად ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ძალიან კარგია, მაგრამ არა დასახლებულ პუნქტში და ქალაქში”, – განაცხადა ნინო ფსუტურმა, გორში გამართულ აქციაზე ყოფნისას.
გორელები ამბობენ, რომ რეგიონული ნაგავსაყრელის დასახლებულ პუნქტში აშენებას არ დაუშვებენ. Მოქალაქეთა ნაწილმა საკუთარი პროტესტი 15 ივნისს, ქუჩაში გამოსვლით გამოხატა.
“ჩენ გვინდა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს მომავალი თაობა, ეს ნაგავსაყრელი კი ქმნის ეპიდემიას, აბინძურებს გარემოს, ქუჩებს. გაუსაძლისი გახდება ხვალ-ზეგ ქალაქში ცხოვრება. ვუერთდები საყოველთაო პროტესტს. ეს ნაგავსაყრელი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა გელა შარვაშიძემ.
მოსახლეობა ამბობს, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს.
“თუ საჭირო გახდა, გზებსაც გადავკეტავთ და ნაგვის მანქანებს არ მივცეთ საშუალებას, რომ ამ ტერიტორიაზე იარონ”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.