ჩემი შვილი არ გამიჩენია იმისთვის, რომ რუსეთში იცხოვროს, – ამბობენ დედები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის პროტესტსს უერთდებიან, აპროტესტებენ ე.წ. გამჭვირვალობის კანონს და სურთ, რომ საკუთარი აქტიურობით ხელი შეუწყონ ამ ქვეყნის ევროპული პექსპექტივის დაცვას.
“ჩვენი შვილები გაიზრდებიან ევროპაში, მაშასადამე საქართველოში!“- ამბობენ დედები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის მათი შვილების მომავალს.
ისინი ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზეც და ცდილობენ მხარი დაუჭირონ დანარჩენი საზოგადოების მოთხოვნას, დაუბრუნდეს საქართველო ევროპულ გზას და ხელისუფლებამ უარი თქვას რუსულ კანონზე.
| “ჩემი შვილი არ გამიჩენია, იმისთვის რომ რუსეთში იცხოვროს”.
იკი ქოთოლაშვილი ერთ-ერთია, ვინც ფართომასშტაბიან აქციებში მონაწილეობას ვერ ახერხებს, თუმცა სრულად იზიარებს ქვეყანაში არსებული პროტესტის სულისკვეთებას.
მისი აზრით, აღნიშნული კანონი მომავალ თაობას წაართმევს ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას.
“ეს არის ჩვენი მომავლის დაკარგვა. ვეღარ მიიღებს ჩემი შვილი სათანადო განათლებას, აღარ იქნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო აქტივობებს. რამდენი ასეთი პროექტი შეჩერდება, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ვბრუნდებით სიბნელეში. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც დღემდე ჩუმადაა, რატომ არ ფიქრობენ საკუთარი შვილების მომავალზე, რატომ არ ეშინიათ.”
იკი ამბობს, რომ მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა, არასოდეს უფიქრია ქვეყნის დატოვებაზე. მისი აზრით, ახლა მთავარი ბრძოლა არჩევნებია, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ევროპული მომავლის დაცვა მოუწევთ.
“არასოდეს მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, არც ახლა ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს იქ, სადაც ჩვენ და ჩვენი მშობლები გაიზარდნენ. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გაურკვეველი მოლოდინები მაქვს. ცოტა მეშინია, რადგან ხალხის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რა საფრთხე ელის ქვეყანას. ძალიან მინდა, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს, სწორი არჩევანი გააკეთოს ხალხმა”, – გვითხრა იკიმ.
| “ევროპას ვირჩევ, რადგან ჩემს შვილს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება”.
ხარისხიანი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება არის ის ერთ-ერთი, რის გამოც მშობლები ირჩევენ ევროპას. ამას ამბობს ნინა წიქარიძეც.
მისი აზრით, გარდა იმისა, რომ ევროინტეგრაცია არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი, ის ასევე არის შესაძლებლობა, რათა მათმა შვილებმა ღირსეულ ქვეყანაში იცხოვრონ.
“ევროპას ვირჩევ ჩემი და არა მარტო ჩემი შვილის უსაფრთხოებისთვის, რაც ნიშნავს რეალურ მშვიდობას და ნამდვილი მტრის, რუსეთისგან დაცვას. ვირჩევ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება საკუთარ ქვეყანაში, ისეთივე, როგორიც ევროპაშია და შეძლონ ისარგებლონ მაღალი დონის ჯანდაცვის მომსახურებით”, – ამბობს ნინა წიქარიძე.
| “ვეცდები, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გავაკეთო”.
ერთ-ერთ ვინც ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონით საფრთხე ექმნება ყველაფერს, რაც სწორად განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის არის საჭირო, ნათია ომაძეა.
“ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით ევროპული ოჯახის წევრობის რეალური შანსი მოგვეცა, რაც უკეთეს ცხოვრებას, ნიშნავს ხარისხიანი განათლებით და ჯანდაცვის სერვისებით, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მეტი საშუალებებით და ღირსეული ანაზღაურებით, კანონის უზენაესობით, თითოეული ჩვენგანის დაცულობით და სხვა ბევრი სიკეთით, მაგრამ ახალმა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა საფრთხე შეუქმნა ჩვენი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას და ჩემი თინეიჯერობისდროინდელ ქვეყანაში დაბრუნების ალბათობა გაზარდა”, – ამბობს ნათია ომაძე.
ნათიას აპირებს, რომ იბრძოლოს შვილების ევროპული მომავლისთვის. ამბობს, რომ მისი, როგორც დედის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით ურყევი და შეუცველია.
“მე, როგორც სამი შვილის დედას, შვილებისთვის ბუნებრივია ყველაფერი საუკეთესო მინდა და ვფიქრობ, რომ მათთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ნაბოლარასთვის, რომელიც სტუდენტობისთვის ემზადება, დასავლური განათლება-განვითარების კარი შესაძლოა დაიხუროს. ამიტომ ვეცდები ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გავაკეთო. წინ ევროპისკენ!”.
მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.