15 ივნისს გორში, კვერნაკის დასახლებაში მოქალაქეები შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ მასშტაბური ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობას.
აქცია 12:00 საათზე თამარ მეფისა და ანდრია რაზმაძის ქუჩების კვეთაზე დაიწყება.
“კვერნაკის დასახლებაში, თამარ მეფისა და ანდრია რაზმაძის ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან გორის მოქალაქეები, რომელთაც აწუხებთ არსებული ნაგავსაყრელის მდებარეობა და ეწინააღმდეგებიან ახალი, გაცილებით მასშტაბური ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელის იმავე ლოკაციაზე მშნებელობის დაწყებას”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კვერნაკის დასახლებაში მდებარეობს ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელი, თუმცა მიუხედავად მოსახლოების არაერთგზის თხოვნისა, ნაგავსაყრელი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მოქალაქეების თქმით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება.
ინფორმაციისთვის, გორში ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენელობის დაწყების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა დაახლოებით 8 თვის წინ აცნობეს.