სასურველია, რომ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში გამოიყოს სპეციალური ადგილი სამშენებლო და სხვადასხვა სახის მყარი ნარჩენების განსათავსებლად, – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელსაც ვკითხულობთ პროექტის “იმოქმედე დღესვე” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში.
დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალი და განვითარება” მონიტორინგის შედეგად მოამზადა. ანგარიშში აღწერილია ის გამოწვევები, რომლებიც ნარჩენების მართვის თვალსაზრისით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში არსებობს.
გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მიღებულია ნარჩენების მართვის ახალი (2023-2027 წლების) ხუთწლიანი გეგმები, სადაც გარემოსდაცვით მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებებია გაწერილი, თუმცა როგორც მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ჯერ არც კი დაწყებულა.
“
- მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში ხაზგასმითაა წარმოდგენილი მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, თუმცა ამ მიმართულებით სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია;
- გარემოს დაბინძურებისათვის დაწესებული საჯარიმო სანქციების სისტემა არაეფექტურია და ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს;
- ნარჩენების მართვის გეგმებში განსაკუთრებული ხაზგასმითაა წარმოდგენილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირების ხელშემწყობი საქმიანობების განხორციელება და კომპოსტირების პრაქტიკის ფართო დანერგვა, მაგრამ ამ მიმართულებებით ჯერ-ჯერობით არაფერია გაკეთებული;
- ნარჩენების მართვის გეგმებში ასევე ზუსტადაა გაწერილი სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება მაგრამ ჯერ-ჯერობით ასევე არაფერია გაკეთებულა ამ მიმართულებით.
ანგარიშში ასევე საუბარია ურნების დამატების და სოფლებიდან ნარჩენების გატანის გრაფიკის ცვლილების საჭიროებაზე.
“ორივე მუნიციპალიტეტში განთავსებული ურნების საერთო რაოდენობა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებულ საჭიროებებს და არასაკმარისია სასოფლო არეალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის კვირის განმავლობაში დაწესებული დღეების რაოდენობა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარემოს დაცვის კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
“
- სასურველია, გორის და ქარელის მერიებმა შექმნან ნარჩენების მართვის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, სადაც აღირიცხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების, მათ შორის სახიფათო ნარჩენების რაოდენობა სახეობების მიხედვით.
- სასურველია, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აქტიურად დაინერგოს გარემოს დაბინძურებისათვის არსებული სანქციების გამოყენება, რათა ხელი შეეწყოს დამბინძურებელთა პასუხისმგებლობის ამაღლებას.
- სასურველია, ორივე მუნიციპალიტეტში გამოიყოს რამდენიმე სპეციალური ადგილი სამშენებლო და სხვადასხვა სახის მყარი ნარჩენების განსათავსებლად.
- სასურველია, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიებმა უფრო ახლო თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ გარემოსდაცვით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთო ძალისხმევით განახორციელონ ისეთი ინტერვენციები, რომლებიც მიმართული იქნება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი გარემოს განვითარებაზე.
- სასურველია, რომ როგორც გორის ასევე ქარელის მუნიციპალიტეტების მერიებმა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რათა შეიქმნას ნარჩენების სეპარირების და კომპოსტირების პრაქტიკის პოპულარიზაციაზე მიმართული ცნობიერების ასამაღლებელი რგოლები და საგანმანათლებლო მასალები და ასევე მუნიციპალური ფინანსური რესურსით უზრუნველყონ ამ ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო პროდუქტების გავრცელება სხვადასხვა ეფექტური გზებით, მათ შორის მედია და სოციალური ქსელების საშუალებებით.
სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ონლაინაც ხელმისაწვდომია, პროექტის იმოქმედე დღესვე” ფარგლებში მომზადდა. პროექტს “ქალი და განვითარება” ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.