ხაშურში, სტიქიის შედეგად დაზარებულ მოსახლეობას ხელისუფლებისგან კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია. ადგილობრივებმა ჯერაც არ იციან, როდის და რა სახის დახმარებას მიიღებენ.
“მერიაში მისულიც ვიყავი და ამბობენ, რომ ამ დრომდე ზარალს ითვლიან“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის სახლის პირველი სართული სტიქიის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
თებერვლის თვეში მოსულმა დიდმა ნალექმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ასობით ოჯახი დააზარალა. მერიამ ზარალის აღწერა სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო, თუმცა 4 თვის შემდეგ, მოსახლეობა კვლავ ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.
“დიდი ამბით აღწერეს. ფოტოებიც დადეს აღწერის პროცესის, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ მერიას მათ დასახმარებლად ფული აღარ რჩებოდა, რადგან მდინარე შოლას კალაპოტის მოწესრიგებას გეგმავდნენ“, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკა პაპუაშვილმა.
როდის და რა ფორმით გეგმავს ხაშურის მერია მოქალაქეებისთვის ზარალის ანაზღაურებას? – ამის გასარკვევად “მოზაიკა” ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. კითხვაზე პასუხად ნინო სუხიაშვილმა გვითხრა, რომ მერიის მთავარი მიზანი ახლა პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებაა.
“ამ ეტაპზე დაზარალებული მოსახლეობისთვის არანაირი დახმარება არ მომხდარა. მუნიციპალიტეტი მუშაობს პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერის მოპოვებაზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,რომ პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
თებერვლის თვეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიამ 400-მდე ოჯახი დააზარალა. მათთვის კომპენსაციების დარიგების საკითხი კი ამ დრომდე ბუნდოვანია.