სტატიები

გორელმა ბიზნესმენმა “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა

გორელმა ბიზნესმენმა ელგუჯა მუჭაურმა “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა. მუჭაურმა პარტიის ანგარიშზე თანხა 22 აპრილს გადარიცხა. 

“მოზაიკა” შეეცადა შეეგროვებინა ინფორმაცია გორელი ბიზნესმენის შესახებ, რომელმაც ხელისუფლებას ფულადი მხარდაჭერა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს გაუწია. 

ელგუჯა მეჭაურის ბიზნეს საქმიანობა და თანამშრომლობა ხელისუფლებასთან 

შპს ჰორიზონტი” – ესაა სამშენებლო კომპანია, რომელიც ელგუჯა მუჭაურს აქვს დაფუძნებული. წლების განმავლობაში, ორგანიზაციის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 

თუმცა 2015 წლიდან კომპანიას ახალი მეწილეც დაემატა, მარიანა მაკრახიძის სახით, რომელიც გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის შვილია. (მარიანა მაკრახიძესთან ერთად, ელგუჯა მუჭაური წილებს შპს “იბოლიაშიც” იყოფდა.) 

შპს “ჰორიზონტში” მარიანა მაკრახიძე წილების 50%-ს  ფლობს, ხოლო დარჩენილი 50% კვლავ მუჭაურს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი რჩება დირექტორის თანამდებობაზეც.

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, შპს “ჰორიზონტი” აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ტენდერებში –  2013 – 2016 წლებში, მუჭაურის კომპანიისგან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 3 393 120 ლარის ღირებულების მომსახურებები შეიძინეს. 

 შპს “ჰორიზონტმა” ბიუჯეტიდან

  • 2013 წელს – 1 159 990 ლარი მიიღო;
  • 2014 წელს -1 445 840 ლარი;
  • 2015 წელს – 446 650 ლარი;
  • 2016 წელს – 805 450 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფო ტენდერებში 2016 წლის ჩათვლით მონაწილეობდა. მისგან მომსახურებებს კი ძირითადად საავტომობილო გზების დეპარტამენტი და გორის მუნიციპალიტეტის მერია ყიდულობდა.

2013 – 2016 წლებში, შპს “ჰორიზონტმა”  საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 3 232 680 ლარი მიიღო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 160 440 ლარი. 


კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ელგუჟა მუჭაური ხელმძღვანელობს შპს “სხივი 2006+”-ია. აღნიშნულ კომპანიაშია გორელი ბიზნესმენი წილების 30%-ს ფლობს. 

კომპანია სახელმწიფო ტენდერებში არ მონაწილეობს. მისგან მომსახურებას 2013 -2015 წლებში, სახელმწიფო უწყებები უტენდეროდ იძენდნენ და ორ წელში, შპს ‘სხივი 2006+”-ისგან ჯამში 5 350 ლარის ღირებულების მომსახურებები შეიძინეს. 

ეს კომპანიაც “ქართული ოცნების” შემწირველია – შპს-მ მმართველ პარტიას 2021 წელს 3 000 ლარი შესწირა. 


ელგუჯა მუჭაური წილებს ფლობს შპს “ე.ი.ლ.ჯ” – შიც. აღნიშნულ კომპანიისგან, უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით, სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულებებს ჯამში 4,198 ლარის ღირებულების ქვიშა და თიხა აქვთ შეძენილი. 


2018 წლის შემდეგ, ელგუჟა მუჭაურთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში აღარ ფიქსირდებიან, თუმცა 2024 წლის აპრილში, ხელისუფლების მიერ ინიცირებული რუსული კანონის გასაპროტესტებლად დაწყებული გამოსვლების დროს, მუჭაურმა “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად ფინანსური ხარჯი გაიღო.  

აღსანიშნავია, რომ წარსულში მუჭაურს თანხა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც” აქვს შეწირული – 2012 წლის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, მან მაშინდელ მართველ პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა.  

დატოვეთ კომენტარი