ბლოგები

“ევროკავშირი გვეხმარება ჩვენივე ხელით შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი”

ავტორი: ნათია ომაძე

ჩემს ბავშვობაში სად იყო ამდენი საშუალება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში  ხარისხიანი განათლების მიღების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა, როგორიც თქვენ გაქვთ-მეთქი, ხშირად მითქვამს ჩემი შვილებისთვის. და მართალიცაა…

15-16 წლის ვიყავი საბჭოეთი რომ დაინგრა და ჩემი სტუდენტობა უშუქო, უგაზო და ყველამხრივ უპერსპექტივო პერიოდს დაემთხვა;  ქვეყანაში კრიმინალი ბატონობდა და ქუჩაში გასვლა საშიში იყო, ვინმეს საყურე არ ჩამოეგლიჯა ყურიანად ან დღისით-მზისით არ დაეყაჩაღებინე, ვის ეცალა სწავლა-განათლებისა და განვითარებისთვის.

მოგვიანებით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ტრენინგზე პირველად გავიგე ადამიანის ძირითადი უფლებების და  მათი დაცვის შესახებ.  მსგავსი საკითხებით დავინტერესდი და ასეთ ორგანიზაციებთან დაახლოება გადავწყვიტე. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  ევროპულ პროგრამებში,  პროექტებსა და ტრენინგებში ჩართულობის საშუალება მომეცა, რითაც პროფესიული განათლებისა და განვითარების პარალელურად დემოკრატიულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, უმცირესობებზე, თუ რიგ საკითხებზე  უამრავი რამ გავიგე და საკუთარ თავში ახალ-ახალი უნარებიც აღმოვაჩინე. 

ჟურნალისტიკაში, არასამთავრობო სექტორში, საჯარო სამსახურში თუ მასწავლებლად მუშაობისას მეც და ჩემი კოლეგებიც სრულიად უსასყიდლოდ ვიღებდით და ვიღებთ ამ განათლებას, რათა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უკეთესი ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ. ანუ ევროპა გვეხმარება იმაში, რომ  ჩვენივე ხელით შევქმნათ  ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

ასევე არიან ჩემი შვილებიც; უფროსმა,  Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობით ერთი წელი ევროპის ქვეყნებში გაატარა პროფესიული განვითარებისთვის. შუათანამ ჯერ FLEX-ით ისწავლა ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში, ახლა კი საფრანგეთის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ასე არიან ჩემს გარშემო ახალგაზრდებიც, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში მიდიან უკეთესი განათლების თუ პროფესიული პრაქტიკის მისაღებად.

ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით ევროპული  ოჯახის წევრობის რეალური შანსი მოგვეცა, რაც უკეთეს ცხოვრებას ნიშნავს ხარისხიანი განათლებით და ჯანდაცვის სერვისებით, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მეტი საშუალებებით და ღირსეული ანაზღაურებით, კანონის უზენაესობით,  თითოეული ჩვენგანის დაცულობით და სხვა ბევრი სიკეთით,  მაგრამ ახალმა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა საფრთხე შეუქმნა ჩვენი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას და ჩემი თინეიჯერობისდროინდელ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა გააძლიერა.

მე, როგორც სამი შვილის დედას, შვილებისთვის ბუნებრივია ყველაფერი საუკეთესო მინდა და ვფიქრობ, რომ მათთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ნაბოლარასთვის, რომელიც სტუდენტობისთვის ემზადება, დასავლური განათლება-განვითარების კარი შესაძლოა დაიხუროს. ამიტომ ვეცდები ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის ყველაფერი  გავაკეთო.

წინ ევროპისკენ!

დატოვეთ კომენტარი