გორში პოლიციელებს ახალგაზრდების ცემაში ადანაშაულებენ.
დაზარალებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამ ახალგაზრდას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცრუ ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
“ჩემი შვილი კვებოდა… დაცემული ეგდო და კვდებოდა.თავი ჰქონდა გატეხილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სისხლიანი იყო, მაიკა სისხლიანი ჰქონდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ქურდობას აბრალებენ, მაგრამ ფაქტზე არ დაუჭერიათ. სულ ტყუილა “პადიეზდში” ისე იყვნენ, შემთხვევით შესულები, სიგარეტს ეწეოდნენ და დააკავეს და არაფერი არ უმტკიცდებათ, ხო უნდა დამტკიცდეს, არა?”, – ამბობს დაკავებული გიორგი უმეკაშვილის დედა, ელენე ხეჩეტურიანი.
ერთ-ერთი დაკავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს ბორკილებდადებულს გაუსწორდნენ.
“უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული 19 წლის ბავშვები. ქურდობაზე ედავებიან. პოლიციამ უგონოდ სცემა, უსამართლოდ სცემა, ბორკილები დაადეს და ისე სცემეს. როგორ შეიძლება, 19 წლის ბავშვები ასე სცემო… ბორკილები ედო ჩემს შვილს და ისე ურტყამდა 15-20 კაცი”, – ამბობს ლევან კორინთელის დედა.