სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ბაბაევის ადვოკატის კახა კალმახელიძის თქმით, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ყველანაირი ჩხრეკა, რომელიც ბაბაევის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა ბათილად ცნო.
“სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება. ღირსეული მოსამართლეა და კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს, გამორჩეულია ეს ადამიანი და მადლობა ამისთვის. იოსებ ბაბაევი მართალია და ყველა შემთხვევაში ეს ადამიანი უნდა გამოუშვან. პროკურატურა გაასაჩივრებს თუ რას იზამს ეს სხვა თემაა, ყოველშემთხვევაში ბაბაევი დაკავების საპროცესო ვადის გასვლამდე გარეთ იქნება. ვადა ხვალ გადის”, – ამბობს კალმახელიძე.
ინფორმაციისთვის, სოსო ბაბაევი პოლიციამ 4 ივნისს დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 256 მუხლით იყო აღძრული. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მისი დაკავება და ბრალი ბათილად ცნო.
მოსამართლე ლევან დარბაიძე ერთ – ერთია, ვინც საქართველოს ევროპულ კურსს მხარი დაუჭირა. დარბაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის როგორც მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებულია ქვეყნის ევროპული მომავალი.