ახალი ამბები

სოსო ბაბაევი თავისუფალია – პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

გორელი სამოქალაქო აქტივისტი, სოსო ბაბაევი თავისუფალია, – ის დღეს, 6 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ გაამართლა. 

კერძოდ, ლევან დარბაიძემ ბათილად სცნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სახლისა და მანქანის ჩხრეკის ოქმები. 

“ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როგორც წესი, 99 პროცენტი გორის სასამართლოებისა გადაწყვეტილებებს იღებენ მხარეთა მონაწილეობის გარეშე. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბატონ ლევან დარბაიძის მიერ, რომ პირველი მოსმენა ჩაატარა და დაიბარა მხარეები მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა უფლებადამცველმა, ალექსი მერებაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სოსო ბაბაევი 4 ივნისს დააკავეს. სუს-ის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი, შემდეგ კი ავტომობილი, სადაც როგორც ბაბაევი ამტკიცებს, სამართალდამცავებმა იარაღი ჩაუდეს. მან ასევე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.   

“[განყოფილებაში მიყვანისას] ძალით გამხადეს ზედატანი, ტანზე შემომახიეს, ხელები უკან მქონდა შეკრული, რადგან ნება არ მივეცი და გავუძალიანდი, ტრუსიკიც კი შემომახიეს და დამტოვეს ეგრე. შიშველი დავრჩი და ესენი ე.წ. სამართალდამცავები იცინოდნენ”, – განაცხადა სოსო ბაბაევმა სასამართლოში. 

მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, სოსო ბაბაევმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც ცნობილია პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. 

ამავე თემაზე: “იარაღი მანქანაში ჩაუდეს” – დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი 

დატოვეთ კომენტარი