გორელი სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, ის ადვოკატმა უკვე მოინახულა. მისი განცხადებით, ბაბაევი ნაცემია.
სოსო ბაბაევის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს სუს-ის თანამშრომლებმა. ოჯახის წევრების განცხადებით, ჩხრეკის შედეგად სახლიდან არაფერი ამოუღიათ, თუმცა ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ბაბაევს ავტომატი მანქანაში ჩაუდეს.
“თვითონ მის დაკავებას უკავშირებს მის აქტივობებს. დაკავებულია 256-ე მუხლით ,რაც იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩაუდეს პისტოლეტი და ავტომატი. ჩხრეკის დროს არავინ დაისწრეს. თვითონ ჩადეს ავტომანქანაში, მერე დაიწყეს გადაღება, ვითომ იმ წუთას გაჩხრიკეს. ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე და ტანზე აქვს დაზიანებები”, – განაცხადა ბაბაევის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ.
დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.