“ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ შედეგისთვის, ამიტომ კარგად ვარ. კიდევ უფრო კარგად ვიქნები“, – ასე გამოეხმაუარა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგებს.
სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, ნანა ტერმაკოზაშვილი რესურსცენტრის უფროსის პოსტზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან კონკურსის შედეგად არჩევანი მის კანდიდატურაზე არ შეჩერდა.
სამინისტროს გადაწყვეტილებას ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მე გავაკეთე, როგორც შემეძლო და როგორც სწორად ვთვლიდი სახელმწიფოსთვის, დაე სხვამ უკეთესად გააკეთოს!
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა ამ ექვსი წლის განმავლობაში.
მადლობა გორის რესურსცენტრის გუნდს მუდმივი მხარში დგომისთვის.
მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან.
მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით.
უდიდესი გამოცდილების წლები იყო… ბევრი ვისწავლე, მათ შორის – საკუთარ შეცდომებზეც.
და კიდევ ერთხელ – სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში“, – დაწერა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ტერმაკოზაშვილი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე 6 წელი მუშაობდა.