ბლოგები

“ის გადარჩება, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა”

ავტორი: თეონა ფანქველაშვილი

1924 წელი იყო. მთვარიანი ღამე. მთვარის ჩრდილზე მოჩანდა თოფიანი კაცი, რომელიც შვილების მოკვლით ემუქრებოდა, თუ ცრემლს დაინახავდა მის სახეზე. ორსული ქალი, მარტოდმარტო იყო. უკვე დაქვრივებული იჯდა და მიწას დარაჯობდა. იმ მიწის ნაგლეჯს, რომელიც მისი ოჯახისთვის უნდა შეენარჩუნებინა, რათა მის შვილებს და მათ მომავალ თაობას ჰქონოდა ის მიწა, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა. გავა წლები და ოთარ ჩხეიძე დაწერს მის წიგნში:

“მიწა არს ღმერთი! ჩვენი მიწა… სამშობლო ჩვენი…

მტლედ დავდებივართ… მალამოდა… მტლედ და მალამოდ.

შეჰმატებოდეს ჩვენი სისხლიცა ჩვენთა წინაპართ სისხლით გაპოხილს.

სისხლით და ოფლით…

შეჰმატებოდეს ჩვენი ძვალიცა ჩვენთა წინაპართ ძვლებზე შემდგარსა.

ძვალსა და სულზე…

შეჰმატებოდეს ჩვენნი შვილნი… შვილთა შვილნიცა…
აწ და მარადის!

აწ და მარადის!

“თედორე”, ოთარ ჩხეიძე

დიდედა ნატალია ვაშლს ჩირავდა, რათა ასე გაექარვებინა დარდი, ოჯახიდან ოთხი წევრი დაუხვრიტეს და სადღაც დააგდეს. მათი საფლავი არავინ იცოდა და მკვდარიც არავის ენახა. სახლიდან კომუნისტებს ყველა ნივთი გამოჰქონდათ. ის ხალხი იტაცებდა, რომლებიც მანამდე როდესაც შიმშილის პირას იყვნენ, ჩემმა ოჯახმა დააპურა და გადაარჩინა. ეს რამოდენიმე ადამიანი არ იყო, არამდედ შიდა ქართლის ათეულობით სოფელი.

დიდედა 24 წლის იყო. ორი შვილი ჰყავდა, მესამეს კი მუცლად ატარებდა, როდესაც მეუღლე, მაზლი და მამამთილები დაუხოცეს. სახლში დაადგნენ. მარტო იყო. შვილები მეზობელ სოფელში გახიზნა და დამალა. უბრძანეს, ხმა არ ამოეღო, ერთი ცრემლიც კი არ უნდა წამოსვლოდა თვალებიდან. დიდედას აუკრძალეს ტირილი და დააყენეს თავზე თოფიანი კაცი, რომელიც მცირე წლოვანი შვილების მკვლელობით ემუქრებოდა . ცრემლი ცხადია გაშრა და აღარასდროს უტირია ამბობდა – ბედნიერია ის ქალი, რომელსაც ქმარი გარდაეცვლება და აქვს საშუალება დაიტიროს, გამოემშვიდობოს და მიწას მიაბაროს. რაც მთავარია, იცოდეს თუ სად არის დაკრძალულიო.

გავა წლები და მათი საფლავების მაგივრად ოთარ ჩხეიძე დიდ ლოდებს დააწყობს ეზოში, რომელსაც ჭალას ვეძახით, რომ ასე შევძლოთ და პატივი მივაგოთ მოკლულებს.

ჩემი ოჯახი ამოწყვიტეს იმის გამო, რომ ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებას ვგულშემატკივრობით და მათ ფინანსურად ვეხმარებოდით, რათა საქართველოს მოეპოვებინა თავისუფლება…

“მიწა ჩემთვის ღმერთია, ან თუ რო არ შევცოდო: იქაა, სადაც რო ღმერთი ბრძანდება. ეგებ რო ესეც შეცოდებაა?.. მაგრამ მე რა ვქნა, — იქ არის და!.. მე ეს კიდევაც გამოვხატე ჩემს ტრაგედიაში — „თედორე“. თედორე აქ მხოლოდ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი როდია: მას კონფლიქტი აქვს შემგუებელ საზოგადოებასთანაცა და ეკლესიასთანაცა: მიწა ღმერთია მისი. ამ ღმერთმა გვიხსნა უწინაცა და ამ ორ განწირულობის საუკუნეშიცა”.

ოთარ ჩხეიძე

ამ ყველაფრის გამოცაა, რომ  მე, როგორც რევაზ ჩხეიძის შთამომავალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილის და ბრძოლის გამო დახვრიტეს, არ მაქვს უფლება დავნებდე და არ ვიბრძოლო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სრულიად გააზრებულად, მზად არ ვიყო, რომ ამისთვის სიცოცხლეც გავწირო.

საქართველო გაიმარჯვებს!

დატოვეთ კომენტარი