თბილისის აქციაზე პოლიციამ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის და ხელოვნების სახლის ერთ-ერთ წევრი, ზურა ხომერიკი დააკავა.
გავრცელდა ხომერიკის დაკავების კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს აქციის მონაწილეზე და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ფოტოგრაფთა კლუბის წევრები გამოძიების დაწყებას და ხომერიკის გათავისუფლებას ითხოვენ.
“კადრებში ჩანს, როგორ აყენებს შეურაცხყოფას გორელ ფოტოგრაფთა კლუბის და ხელოვნების სახლი / Art House წევრს, ზურა ხომერიკს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. კადრებში ასევე ჩანს, რომ ზურა არ არის აგრესიული და მისი ქცევა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ადგილი აქვს ძალის არამართლზომიერ გამოყენებას და ღირსების შემლახავ ქმედებას შსს-ს თანამშრომლის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხის გამოძიებისკენ და მოვითხოვთ ზურა ხომერიკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!”, – აცხადებენ კლუბის წევრები.