აფხაზეთის ომის გმირს, ზაზა სირბილაძეს 32 წლის შემდეგ, მშობლიურ სოფელში, თორტიზაში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრმა, ჟანა სირბილაძემ გაავრცელა.
ზაზა სირბილაძე აფხაზეთში საბრძოლველად 1992 წლის სექტემბერში წავიდა და მასშემდეგ, მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
“ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ ზაზას ცხედარი გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია, გმირულად დაღუპულა გაგრის მისადგომებთან, სავარაუდოდ, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც გაგრა დაეცა”, – წერს ჟანა სირბილაძე.
მისივე ცნობით, ზაზას სამოქალაქო პანაშვიდი 27 მარტს გაიმართება, 17:00 საათიდან, თბილისის სამების საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი მის მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ.
ზაზა სირბილაძეს 30 მარტს, თორტიზაში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
ინფორმაციისთვის, ზაზა სირბილაძე 20 წლის იყო, როცა აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა. 2018 წელს, თორტიზაში ქუჩას, სადაც ზაზა ცხოვრობდა მისი სახელი მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.