რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი თავისუფლები არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
“გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში”, წერია უწყების განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დიმიტრი კორინთელები და გიორგი მელაძე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა “გიორგობის” მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს.