გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლებს.
დასი გასტროლზე სპექტაკლით “1902 წელს ბათომში” წარსდგება, რომელიც ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ ბულგაკოვის პიესის მიხედვით დადგა.
ორმოქმედებიანი სპექტაკლი XX საუკუნის პერიოდს აღწერს, როდესაც პლიტიკურ ასპარეზზე ჩნდება იოსებ სტალინი.
“მიხეილ ბულგაკოვის „ბათომი“ გადმოგვცემს XX–ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში? როგორ, რა სახით, მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ, ზღვისპირა ქალაქს? – ამას სპექტაკლში იხილავთ”, – წერია ანონსში.
სპექტაკლი 29 თებერვალს 19:00 საათზე გაიმართება.