გორის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან დღემდე მიიღეს 190 700 677 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.
“იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა – შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის”, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. ერთ-ერთ მაგალითად კი, იოსებ მაკრახიძის კომპანიები და მისი ტენდერები სახელდება.