სტატიები

გორის მერიის აუდიტი აღიარებს, რომ ააიპ-ებში შესაძლოა არაკვალიფიციური კადრები მუშაობდნენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში, სადაც მოცემულია ინფორმაცია ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

შიდა აუდიტი პირდაპირ წერს, რომ ააიპ-ებში კადრების დანიშვნა კონკურსის გარეშე ხდება, რამაც “შეიძლება გამოიწვიოს არაკვალიფიციური კადრის მოზიდვა და ეჭვქვეშ დააყენოს მენეჯერის ობიექტურობა”.

ასევე აუდიტი აღიარებს, რომ პრობლემები რომელზეც “მოზაიკა” წლების განმავლობაში წერს კვლავ აქტუალურია და არ მოგვარებულა. ჯერ კიდევ, 2021 წელს მოამზადა “მოზაიკამ” სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი – როგორ მივიღებთ უკეთეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს, რომელში ნახსენები რეკომენდაციებიც, მათ შორის თანამშრომელთა კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ, ახლა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

“ხშირ შემთხვევაში ა(ა)იპ-ებს შემუშავებული არა აქვთ სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორგანიზაციის მომავლის ხედვა, არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები. დაგეგმვისა და პრიორიტეტული მიმართულებების გაანალიზების გარეშე, იზრდება განსაზღვრული მისიის სრულყოფილად შესრულების რისკი”, – წერს აუდიტი.

“მოზაიკამ” სტრატეგიული დოკუმენტი 2021 წელს სწორედ იმ მიზნით მოამზადა, რაზეც აუდიტი 2024 წელს წერს – მუნიციპალურ ააიპ-ებს დღემდე არ აქვთ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით, არ არის დასაქმებულთათვის აღწერილი თითოეულ პოზიციაზე გაწერილი, ჩამოყალიბებული ფუნქცია-მოვალეობები, რაც ხელს შეუშლის შესრულებული სამუშაოს სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.

გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, დოკუმენტს რეალური ძალა არ აქვს, რადგან წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება. ოპოზიციის თქმით, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდეს მუნიციპალურ ააიპ-ებში.

“ააიპ-ები კვლავ ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმების წყაროდ არის ქცეული. ამ სამსახურებში უამრავი მკვდარი სულია, რომელიც ხელფასს პენსიასავით იღებს და ამ ხალხმა სამსახურში საკუთარი მოვალეობებიც კი არ იციან, სამაგიეროდ ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გამოდიან და ხალხს ქვებს ესვრიან. სწორედ ამისთვის უხდის “ქართული ოცნება” მათ ხელფასს ჩვენი ჯიბიდან”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, “ენმ”-ს წევრი.

საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ამბობს, რომ შიდა აუდიტის სამსახური ფაქტობრივად უფუნქციოა, რადგან მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფაქტობრივად არ სრულდება.

“ეს დოკუმენტი ფარატინა ფურცლად დარჩება, რადგან კონტროლის მექანიზმი ფაქტობრივად არ მუშაობს. წლიდან წლამდე არაფერი იცვლება ააიპ-ებში – კვლავ არის გადავსებული არაკომპეტენტური ხალხით, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიან. შიდა აუდის სამსახურისთვისაც ტყუილად იხარჯება თანხები, რადგან ისინი ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ცვლიან”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა დადებითად შეაფასა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები