დაბა სურამში, კერძოდ ზინდისის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სახლები და მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.
“ღამე გამოვიხედე და დავინახე ხრამი მოდიოდა, ისტერიკაში ჩავვარდით მოსახლეობა და დავტოვეთ სახლები.რა გვეშველება არ ვიცით, ამას ვერაფერი გაწმენდს, ავარიულია ეს დასახლება ახლა. ადრე იყო ეს მეწყერული ადგილი, მერე წითელ ზონად გამოცხადდაო, თუმცა მშენებლობები მიდიოდა. აქ ვერ ვიცხოვრებთ, მოსულები ვართ, რომ რაღაცები გავიტანოთ სახლიდან”, – ამბობენ ადგილობრივები.
ხაშურის მერის თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, დასახლებიდან 40 ოჯახი ევაკუირებულია.
“ჩამოსულები არიან გეოლოგები და ადგილზე იმუშავებენ, რასაც გვეტყვიან იმის მიხედვით მივიღებთ ზომებს, თუ რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი. ყველაზე მთავარი ის იყო რომ წუხელ მოვახდინეთ აქ მაცხოვრებელი ხალხის ევაკუაცია, დაახლოებით 40 ოჯახია გადაყვანილი, აქედან 10 ადამიანი ჩვენს მიერ სასტუმროშია მოთავსებული”, – განმარტავს თენგიზ ჩიტიაშვილი.
ჩიტიაშვილის თქმით, დასახლებას გეოლოგები სწავლობენ. რა სახის სამუშაოები ჩატარდება და რა დრო დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს, შესწავლის შედეგად გახდება ცნობილი.