ახალი ამბები

ხელისუფლებამ ხშირად უნდა იაროს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში – იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯარიაშენსა და ქვეშში ჩავიდა, გაეცნო ვითარებას და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.

„ასეთ რთულ ადგილებში ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლების მეტი დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხშირად იარონ მათთან, გაეცნონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და მეტი ძალისხმევა გასწიონ, რათა ამ ადამიანებს ყველა ის სერვისი ჰქონდეთ, რის მიღებაც თბილისშია შესაძლებელი.” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრაზე სოფლების მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. ამასთან, ხაზი გაუსვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებისთვის დამხმარე საშუალებების ნაკლებობას. როგორც გამოიკვეთა, სოფლებში არ არის აფთიაქი, ამბულატორიები საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო შიდა გზები მოსაწესრიგებელია. კვლავ აქტუალურია მიგრაციისა და სოფლებში ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობის შემცირება.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს.

დატოვეთ კომენტარი