სასარგებლო დოკუმენტები

გენდერული უთანასწორობა გორის ხელისუფლებაში – როგორ ნაწილდება პოზიციები და ხელფასები მერიასა და საკრებულოში

| გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა 51.6% ქალია და მათ შრომით ანაზღაურებაზე მთლიანი სახელფასო ფონდის 49.5% იხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ 287 ადამიანია დასაქმებული. უწყებაში გაცილებით მეტი ქალი (148) მუშაობს, ვიდრე კაცი (139), თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქალები შედარებით დაბალანაზრაურებად პოზიციებზე არიან დასაქმებულები, მათ შრომით ანაზღაურებაზე მთლიანი სახელფასო ფონდის 49.5% იხარჯება.

  • ქალებზე გაცემური ხელფასების წლიური ჯამი: 193 750 ლარი
  • კაცებზე გაცემული ხელფასების წლიური ჯამი: 198 045 ლარი

მერიის ცნობით, უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე 17 ქალი და 24 კაცი მუშაობს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არცერთი მოადგილე, მრჩეველი და თანაშემწე არ არის ქალი. ხინჩეგაშვილს 2 მოადგილე, 3 მრჩეველი და 2 თანაშემწე ჰყავს.

| გორის მერიის 12 ა(ა)იპ-დან ქალი მხოლოდ 3-ს ხელმძღვანელობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში 12 ააიპ-ია, საიდანაც მხოლოდ 3 უწყებას ხელმძღვანელობს ქალი. ესენია: 

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო; 
  • გაზეთი „გორის მაცნე“.

12-ვე ა(ა)იპ-ში სულ 2 945 ადამიანია დასაქმებული, მათგან 59.5% ქალია, რომლებიც მთლიანი სახელფასო ფონდის 53.3%-ს იღებენ. 

  • ა(ა)იპ-ებში დასაქმებული 1 751 ქალის ჯამური ანაზღაურება ერთ თვეში 982 406 ლარია; 
  • ა(ა)იპ-ებში დასაქმებული 1 194 კაცის ჯამური ანაზღაურება ერთ თვეში 859 153 ლარია. 

| 6 ა(ა)იპ-ში დასაქმებული კაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ქალების რაოდენობას.

  • სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურში მხოლოდ 12 ქალია დასაქმებული, მაშინ როდესაც ამავე უწყებაში 91 კაცი მუშაობს.
  • ფეხბურთის კლუბი „გორში“ მხოლოდ 29 ქალი მუშაობს და არცერთი მათგანი არაა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. აღნიშნულ ა(ა)იპ-ში 111 კაცია დასაქმებული.
  • გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში თითქმის 2-ჯერ მეტი კაცია დასაქმებული, ქალებთან შედარებით – უწყებაში 245 კაცი და მხოლოდ 111 ქალი მუშაობს.
  • ტრანსპორტის სააგენტოში 43 ქალი და 148 კაცი მუშაობს. მათგან მხოლოდ 2 ქალი მუშაობს ხელმძღვანელ პოზიციაზე.
  • გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოშიც 40 ქალი და 51 კაცი მუშაობს.
  • მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში 12 ქალი მუშაობს და მათგან მხოლოდ ერთია ხელმძღვანელ პოზიციაზე. უწყებაში 41 კაცი მუშაობს.

ა(ა)იპ-ების ნაწილში, სადაც ქალების რაოდენობა აჭარბებს კაცებისას, განსხვავება მაინც არის – რაოდენობრივად ქალი მეტი მუშაობს, თუმცა კაცებზე გაცემული ხელფასი მაინც აჭარბებს ქალების ხელფასს. ერთი ასეთი სამსახური გორის მუნიციპალური ინსპექციაა, სადაც 20 ქალი და 16 კაცია დასაქმებული, თუმცა აქედან ხელმძღვანელ პოზიციაზე არის 2 ქალი და 4 კაცი. ხელფასის საერთო რაოდენობა კი შემდეგნაირად ნაწილდება – ინსპექციაში ქალებზე გაცემული ყოველთვიური სარგო 22 400 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც, კაცები საერთო ჯამში ერთ თვეში 24 695 ლარს იღებენ.

| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36 წევრიდან ქალი მხოლოდ 10-ია.

გორის მუნიციპალიტეტის 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოში სულ 36 წევრია. აქედან ქალი 10-ია, მათგან მხოლოდ 3 იკავებს პოლიტიკურ თანამდებობას, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციაზე არცერთი ქალი არ არის.

  • საკრებულოს უმრავლესობას “ქართული ოცნების” წევრები წარმოადგენენ. მმართველი გუნდიდან საკრებულოში მხოლოდ 5 ქალია წარმოდგენილი, მათგან პოლიტიკური თანამდებობა მხოლოდ ორს აქვს – თამარ მურალოვა, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ნანი ოქროპირიძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 9 წევრიდან 5 ქალია, მათგან ერთი – ანი ბალიაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზეა, კერძოდ ის არის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
  • პარტიას “საქართველოსთვის” საკრებულოში 3 წევრი ჰყავს, საიდაც მხოლოდ ერთი მათგანია ქალი.

გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოში პოლიტიკურ თანამდებობებზე ქალები უმცირესობაში არიან, შესაბამისად ეს აისახება სახელფასო სარგოების ჯამზეც. მაგალითად:

  • ერთი თვის განმავლობაში საკრებულოში ქალების მიერ აღებული ხელფასების ჯამი 29 524 ლარია;
  • ერთი თვის განმავლობაში საკრებულოში კაცების მიერ აღებული ხელფასების ჯამი კი – 45 738 ლარი.

განსხვავებული ტენდენციაა, საკრებულოს აპარატში, სადაც სულ დასაქმებულია 23 პირი, მათ შორის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, მხოლოდ 7 მათგანია კაცი. შესაბამისად, ქალების და კაცების მიერ აღებულ სახელფასო სარგოებშიც სხვაობაა. ერთი თვის განმავლობაში, საკრებულოს აპარატში ქალებისთვის ასაღები ხელფასი 19 360 ლარს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის – 9 361 ლარს.

| გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კაცი ხელმძღვანელობს 

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

საბჭო 24 წევრით არის დაკომპლექტებული – ამ შემთხვევაში გენდერული ბალანსი დაცულია, აღნიშნული რაოდენობიდან 12 არის ქალი და 12 კაცი, თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოს ხელმძღვანელობს დავით რაზმაძე, რომელიც ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარეც არის.

| გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ქალი ხელმძღვანელობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერის  საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით (საბჭოს დებულება, მუხლი 2).

საბჭოს თავმჯდომარე არის ქალი (დარეჯან მურადაშვილი). სათათბირო ორგანოში სულ 13 წევრია – აქედან 6 ქალი და 7 კაცი.


ინფორმაციები შეგროვდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.